13:56 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 12:57:01, 249 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, უცვლელად, 8.25 პროცენტზე ინარჩუნებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 29 ივლისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

2026 წლის ივნისში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.8 პროცენტი შეადგინა. მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია კვლავ ძირითადად ენერგორესურსების ფასების ზრდას უკავშირდება. ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაციის ფონზე ნავთობის საერთაშორისო ფასების მერყეობა კვლავ გაიზარდა. თუმცა, მიმდინარე საბაზრო ტენდენციები მიუთითებს, რომ ფასები წინა ესკალაციის პერიოდში დაფიქსირებულ დონესთან შედარებით დაბალია. ამასთან, კონფლიქტის გახანგრძლივებამ ენერგორესურსების ფასებიდან მომდინარე არაპირდაპირი ინფლაციური ეფექტების რისკები გააძლიერა. ინფლაციის შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორი, რომელიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ მიზნობრივ დონესთან ახლოს ნარჩუნდება. კერძოდ, ივნისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.2 პროცენტი შეადგინა. თუმცა, მომსახურების ინფლაცია 4.1 პროცენტამდე დაჩქარდა. აღნიშნული მიუთითებს, რომ საბაზო ინფლაციის ზომიერი მაჩვენებლის მიუხედავად, მეორე რაუნდის ეფექტების გაძლიერების რისკები კვლავ საყურადღებო ფაქტორად რჩება.

სებ-ის განახლებული ცენტრალური სცენარის მიხედვით, ენერგორესურსების წვლილი ინფლაციაში მიმდინარე წელს მნიშვნელოვანი დარჩება. აღნიშნულის გათვალისწინებით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.2 პროცენტი იქნება. 2026 წლის მეორე ნახევრიდან ინფლაცია შემცირებას დაიწყებს და საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება.

ეკონომიკური აქტივობა, საგარეო შოკების პირობებში, მდგრადობას ინარჩუნებს. წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4 პროცენტი, ხოლო პირველ ხუთ თვეში საშუალოდ 7.8 პროცენტი შეადგინა. ზრდის ძირითად წყაროდ კვლავ მაღალპროდუქტიული, მომსახურებაზე ორიენტირებული სექტორები რჩება, რაც მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ წნეხს ანეიტრალებს. ამასთან, მოლოდინების შესაბამისად, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის უარყოფითი გავლენა საგარეო მოთხოვნაზე შეზღუდულია. შესაბამისად, განახლებული ცენტრალური სცენარით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი,  6.5 პროცენტზე, ნარჩუნდება.

გეოპოლიტიკური ვითარება და მისგან მომდინარე ეკონომიკური შედეგები კვლავ გლობალური ეკონომიკის პერსპექტივის განმსაზღვრელ ერთ-ერთ ძირითად რისკად რჩება. აღნიშნული გაურკვევლობის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა, როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები.

მაღალინფლაციური რისკის სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. აღნიშნული სცენარი გეოპოლიტიკური ვითარების მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდით გამწვავებას ითვალისწინებს, რაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების ფასების დამატებით ზრდას გამოიწვევს. ენერგორესურსების ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასებზე აისახება, ხოლო გაზრდილი ტრანსპორტირების და წარმოების ხარჯების გავლით სხვა საქონლისა და მომსახურების ფასებზეც გავრცელდება. ამასთან, ბოლო პერიოდში არასახარბიელო კლიმატური პირობები საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული სურსათის ფასების ზრდის დამატებით რისკს ქმნის. აღნიშნული რისკების რეალიზების შემთხვევაში, ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით მაღალი იქნება.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ განხილული დაბალინფლაციური სცენარით გათვალისწინებული რისკების რეალიზაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, ცენტრალურ სცენართან შედარებით, უფრო სწრაფად ნორმალიზების შესაძლებლობას მოიაზრებს. ბოლო წლებში ეკონომიკაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, იზრდება შედარებით მაღალპროდუქტიული და ნაკლებად იმპორტინტენსიური სექტორების წვლილი, რაც, ამავდროულად, ქვეყნის საგარეო პოზიციას აძლიერებს. ეროვნული ბანკის ცენტრალური სცენარის მიხედვით, აღნიშნული ტენდენცია ეტაპობრივად ნორმალიზდება, თუმცა შესაძლებელია, რომ იგი გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდეს. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, ეკონომიკის გრძელვადიანი პოტენციალის უფრო მაღალი ზრდა მოთხოვნის მხრიდან ინფლაციურ გავლენას შეამცირებს. მეორე მხრივ, ძლიერი საგარეო პოზიცია და დაბალი სუვერენული რისკის პრემია ეფექტური გაცვლითი კურსის ფუნდამენტური გამყარების ტენდენციას განაპირობებს, რაც დამატებით დისინფლაციურ გავლენას მოახდენს. ამასთან, გეოპოლიტიკური ვითარების სწრაფი დეესკალაციის შემთხვევაში, ენერგორესურსების ფასების  დაჩქარებული ტემპით შემცირებაც დაბალინფლაციური სცენარის განვითარების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს წარმოადგენს. შედეგად, მთლიანი ინფლაცია ცენტრალურ სცენართან შედარებით უფრო სწრაფად დაუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს.

მიმდინარე მაკროეკონომიკური გარემოს, განახლებული სცენარებისა და რისკების შეფასების საფუძველზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, ამ ეტაპზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება. თუმცა, მომატებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის მკაცრი პოზიცია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. ეროვნული ბანკი აქტიურად აკვირდება საგარეო შოკების საქართველოს ეკონომიკაზე გადმოცემის ინტენსივობასა და მათ გავლენას. თუ ინფლაციური რისკები, მათ შორის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები, მოსალოდნელზე მეტად გაძლიერდება, ეროვნული ბანკი მზად არის მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცროს. მონეტარული პოლიტიკის რეაგირება მიმართულია იმისკენ, რომ მიწოდების მხრიდან მოქმედი ინფლაციური შოკის ამოწურვის შემდეგ ინფლაცია სამპროცენტიან მაჩვენებელს სწრაფად დაუბრუნდეს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 9 სექტემბერს გაიმართება.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
ლელოს წევრი: რუხაძის გადადგომა იმაზე მეტყველებს, რომ ოცნება კორუფციაშია ჩაფლული
ეროვნულმა შეფასების ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი შედეგები გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics