|
2022-11-14 10:38:22, 1397 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ და FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ხელი შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს
სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV-ის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმება, შვედეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მხარდასაჭერად, 3.4 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს. ოთარ შამუგიამ ქვეყნისთვის ხარისხიანი პროდუქციის წარმოების ზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა ცოდნისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით მხარდაჭერის საკითხი. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასა და შვედეთის მთავრობას მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის და ევროკავშირთან დაახლოების და ევროპულ ბაზრებზე წვდომის გამარტივების პროცესში, ყურადღება ENPARD IV-ის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „ყველა პროცესი, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციას უკავშირდება, შეუფერხებლად და წარმატებით მიმდინარეობს. სამინისტრო აღებულ ვალდებულებებს ზედმიწევნით ასრულებს. მოგეხსენებათ, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაა, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ENPARD III -ის წარმატებული განხორციელების შესახებ ისაუბრა და ENPARD IV-ის ფარგლებში, ქვეყნის სურსათის უვნებლობის, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით ხელშესახები შედეგების მიღწევის სურვილი გამოთქვა. „ეს შეთანხმება არის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას შორის მორიგი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი. მნიშვნელოვანია, რომ ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის განხორციელებაშიც FAO-ს, ჩეხეთის რესპუბლიკის, ევროკავშირის და შვედეთის სამეფოს ექსპერტები თანაბრად იქნებიან ჩართული. აღნიშნული პროექტის ეფექტიანი განხორციელება მორიგი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა რაიმუნდ იელემ. როგორც შვედეთის ელჩის მოადგილემ, ერიკ ილესმა აღნიშნა, შვედეთის მთავრობისთვის საქართველო საიმედო პარტნიორია და მოხარულია პროექტის ფარგლებში, ქვეყანაში სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობით. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)