|
2017-08-03 15:55:30, 3113 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ციხელაშვილი: დადგება დღე, როდესაც მავთულხლართები და ხელოვნური ბარიკადები დაირღვევა
„დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც დაირღვევა მავთულხლართები და ხელოვნური ბარიკადები, არაერთი კედელი დარღვეულა მსოფლიოს ისტორიაში, დაინგრა ბერლინის კედელი, აუცილებლად დაირღვევა ეს მავთულხლართებიც“,-ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ქარელის რაიონის სოფელ არცევის მონაკვეთზე მიწათხრილების გავლების საკითხს. ციხელაშვილის შეფასებით, ესაა საოკუპაციო ხაზის ხელოვნურად ბარიკადებით შემოფარგვლის მცდელობა. „დაანონსებული გახლავთ დღეიდან დამატებით ხნულების გავლება. ეს ერთ-ერთი ფორმაა ბარიკადებით საოკუპაციო ხაზის შემოფარგვლისა, გახსოვთ, რომ ე.წ. ბორდერიზაციას სხვადასხვა ხაზები და ფორმები ჰქონდა ადრეც. ეს იყო ზოგიერთ შემთხვევაში მავთულხლართები, ზოგიერთ შემთხვევაში ღობეები, მიწათხრილები, ბანერები, ამ შემთხვევაშიც ეს გახლავთ თხრილები. დეკლარირებულად ეს არის თითქოს ცეცხლის გავრცელების საწინააღმდეგო თხრილები, მაგრამ ეს უკავშირდება ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას და საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიკადებით შემოფარგვლის პროცესს. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც დაირღვევა მავთულხლართები და ხელოვნური ბარიკადები, არაერთი კედელი დარღვეულა მსოფლიოს ისტორიაში, დაინგრა ბერლინის კედელი, აუცილებლად დაირღვევა ეს მავთულხლართებიც, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ექმნებათ პრობლემა და ჩვენი მიდგომა გახლავთ, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ დავეხმაროთ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობას, გაიუმჯობესოს ცხოვრების მძიმე პირობები, დავდგეთ მათ გვერდით“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპაციას ქვეყნის ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებითა და სამშვიდობო პოლიტიკით უპირისპირდება. ამასთან, ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკაზეც ისაუბრა, რომელიც პარტნიორებთან შეთანხმებულია: „საქართველოს საგარეო პოლიტიკას, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას იგივე რუსეთის მიმართ აქვს სრული მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ეს არის მათი ძალიან ხშირად დეკლარირებული პოზიციაც. ჩვენ ვართ იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთის მხრიდან არის საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ვერ გვექნება სრულად ნორმალიზებული ურთიერთობები, ვიდრე ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით. საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც არ არის დაინტერესებული კონფრონტაციით, ღია კონფლიქტით, ჩვენი ინტერესია მშვიდობა, სტაბილურობა, თუმცა სტაბილურობა მიიღწევა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზით და ამისკენ სვლა აუცილებელია. დღეს რაც ხდება, ეს არ არის სტაბილურობის წინაპირობა. ჩვენი მიდგომები იმგვარია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო რეგიონში არის ჩვენი პარტნიორების ძალიან მყარი და საიმედო პარტნიორი და მეგობარი, რომელიც თავის პოლიტიკას აგებს საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე. ერთადერთი, რასაც საქართველო ითხოვს, ესაა მისი სახელმწიფოებრიობის პატივისცემა, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემა, სხვა შემთხვევაში დაინტერესებული ვართ ყველასთან კეთილმეზობლურ ურთიერთობებში“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
ცხინვალის „ლიდერის“ მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)