|
2017-06-29 15:47:35, 1894 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ჭიდაობის სასახლე აშენდება
თბილისში ჭიდაობის სასახლის აშენების საკითხი სამინისტროში გამართულ "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" სხდომაზე განიხილეს. 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ჭიდაობის ფედერაციისთვის თბილისში მდებარე ოლიმპიური სასახლის გადაცემის საკითხი წამოჭრა. მოგვიანებით, სამინისტროში გამართულ სხდომაზე საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ფედერაციისთვის სასახლის გადაცემის საკითხი, რადგან ოლიმპიურ სასახლეს უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს. სასახლეში წლის განმავლობაში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ათეულობით შიდა და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრება ტარდება. სამინისტრომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოში ჭიდაობას უდიდესი ტრადიციები აქვს, საერთაშორისო სარბიელზე ქართველი მოჭიდავეები წარმატებებს აღწევენ და დიდი წვლილი შეაქვთ ქართული სპორტის განვითარებაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ახალი ჭიდაობის სასახლე აშენდეს. ხოლო ვიდრე სასახლე აშენდება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საბჭოს შესთავაზა, ჭიდაობის ფედერაციას დაეთმოს დიღომში მდებარე ტანვარჯიშის სასახლის ერთი დარბაზი თავისი სრული ინფრასტრუქტურით (გასახდელები, საშხაპეები და ა.შ.), სადაც იქნება ყველა სავარჯიშო პირობა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. სამინისტროს შეთავაზებას საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე დაყენებულია მთავრობის სხდომაზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივად იმუშავონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შესაბამისი თანხების მოძიების კუთხით. საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბჭოს თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბუსერიძე, სამინისტროს, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის, სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, ასევე მოწვეული სტუმრები - პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი და შპს “სპორტმშენსერვისის“ დირექტორი ლევან ტარყაშვილი.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)