|
2016-08-05 15:01:35, 1120 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიას „Startup საქართველოს“ განაცხადების შესახებ ბოლო ინფორმაცია გააცნო
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებს „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ („Startup საქართველოს“) ფარგლებში წარმოდგენილი განაცხადების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, 726 განაცხადია წარდგენილი, მათ შორის ინოვაციების ნაწილში 580 განაცხადი, ხოლო მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში - 146 პროექტი. თითქმის ორი თვის მანძილზე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო ახალი ინოვაციური ბიზნეს-იდეების მოფიქრება და შესაბამისი განაცხადის შემოტანა. უწყების ინფორმაციით, პრესკონფერენციას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ავთანდილ კასრაძე და შპს „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორი ვაჟა მენაბდე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ყველა რეგიონი პროგრამაში აქტიურად ყოფილიყო ჩართული და ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს ბიზნესის დაწყების საშუალება მისცემოდათ. „ჩვენ „სტარტაპ საქართველო“ დავიწყეთ იმისათვის, რომ საქართველო შეიცვალოს უკეთესობისკენ, გააჩინოს ახალი შესაძლებლობები და სამეწარმეო სულისკვეთება განავითაროს,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, შემოტანილი პროექტები ძირითადად შემდეგი მიმართულებებიდანაა: საფინანსო ტექნოლოგიები; განახლებადი ენერგეტიკა; ბიო ტექნოლოგიები; ნანოტექნოლოგიები; ხელოვნური ინტელექტი; საინფორმაციო ტექნოლოგიები; მობილური აპლიკაციები; ელექტრონული სწავლება და სხვა. რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე მეტი განაცხადი თბილისიდან შემოვიდა - 262-მა ადამიანმა ისარგებლა აღნიშნული შესაძლებლობით. ასევე გამოირჩევა შემდეგი რეგიონები: იმერეთი (48 განაცხადი), კახეთი (44 განაცხადი), აჭარა (37 განაცხადი), მცხეთა-მთიანეთი (33 განაცხადი) და სხვ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რმ „სტარტაპ საქართველოს“ შესაძლებლობებით 56-მა ჩვენმა მოქალაქემ ისარგებლა, რომლებიც ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. განაცხადების გადარჩევა უკვე დაწყებულია. მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს პროექტებს ორი კვირის განმავლობაში განიხილავენ „სილიკონ ველის“ ექსპერტები, რომლებიც საქართველოში 22 აგვისტოს ჩამოვლენ. საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ პირისპირ წარსდგნენ ექსპერტების წინაშე და გააცნონ თავიანთი მაღალტექნოლოგიური ბიზნეს იდეა. ყველა განაცხადზე გადაწყვეტილებას მიიღებს კომიტეტი, რომელიც შედგება 9 წევრისგან, მათ შორის იქნებიან საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმოადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. პროექტში გამარჯვებული კონკურსის წესით შეირჩევა. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება. „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ მეწარმეებს. პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყების, ან განვითარებისათვის, ეძლევათ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი, ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები. უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით, ამასთან, ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)