2026-07-20 00:35:39, 404 ნახვა
სამართალი
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
შსს-ს ცნობით, მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
"თელავის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის გამოკითხვა. მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის დაკავებული არ არის" - აღნიშნავენ შსს-ში
ცოტა ხნის წინ მთავარს მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანდა, რომ კახეთში მომხდარი ინციდენტის საქმეზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოწმე, მომღერალი ალექსანდრე მრელაშვილი დააკავეს. ვიდეოში ისმოდა: "პოლიცია აკავებს ერთ-ერთ მოწმეს, ალექსანდრე მრელაშვილს". მანამდე დღეს საღამოს მრელაშვილმა TV პირველთან საუბრისას თქვა, რომ დაკითხვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, "ვატარებდი საღამოს ქორწილში და ზევიდან ვიღაცა გვასხამდა, არ ვიცი, არაყი იყო, შამპანური იყო თუ რა იყო, სითხეს გვასხამდა და არ გაჩერდა. შემდეგ ისევ გამოდიოდა, იფურთხებოდა და გვლანძღავდა. ვეღარ გავაგრძელეთ ქორწილი. დაზიანებულია თუ არა არ ვიცით [აპარატურა] ... ახლა დაკითხვაზე ვარ"
"მქონდა კონტაქტი ადვოკატებთან და ამჟამინდელი ინფორმაციაა, რომ:
• მოწმე მომღერალი, რომელიც დილას ჰყავდა სამმართველოს გამოკითხვაზე, მოულოდნელად საღამოს ისევ დაიბარეს გამოკითხვაზე.
• როგორც იქ მყოფმა პირმა მომაწოდა ინფორმაცია, ეს მოწმე გამოდიოდა განყოფილებიდან სიტყვებით, რომ არ აპირებდა ჩვენების შეცვლას, რა დროსაც ძალის გამოყენებით შეაბრუნეს უკან.
• ამჟამად ეს ადამიანი განყოფილებაში არის ადვოკატის გარეშე, შესაძლოა მასზე ხორციელდებოდეს ზეწოლა.
დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ ადამიანის გათავისუფლება!
პროვოკატორი “ტურისტების” ქმედების სწორი კვალიფიკაცია!
პოლიციაში თუ მართლა მიმდინარეობს ჩვენების შესაცვლელად ზეწოლა ეს იქნება რუსის სასარგებლოდ და ქართველის საწინააღმდეგოდ !!!! გონს მოეგეთ !!!" | წერს მარიკა არევაძე სოციალურ ქსელში
ინციდენტი თელავში, სასტუმრო Agarani Estate-ში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებს რუსულენოვანმა ქალებმა ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს და სხვა და სხვა სახის სითხე გადაასხეს, რის შემდეგაც მათთან ნომერში ქორწილის მონაწილე დასალაპარაკებლად ავიდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, უცხოეთის მოქალაქეებმა დამონტაჟებული ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართველი კაცი თავს რუსულ ენაზე საუბრის გამო დაესხა
მომხდარზე დაკავებულია პირი, რომელმაც ქალს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან