|
2026-07-08 17:00:04, 217 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
წლიური ინფლაცია თითქმის უცვლელია, თუმცა ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული რისკები კვლავ გაიზარდა
ივნისში წლიური ინფლაცია მცირედით, 5.7%-დან 5.8%-მდე გაიზარდა. სეზონური ეფექტის გამორიცხვით ფასების გასულ თვესთან მიმართებით ზრდა უფრო შესამჩნევი იყო და მაისში დაფიქსირებული 0.3%-დან 0.6%-მდე იმატა. მცირედი აჩქარების მიუხედავად, აღნიშნული დინამიკა დიდწილად კვლავ თანხვედრაშია წლის ბოლოსთვის 5.1%-იანი ინფლაციის ჩვენს საბაზო სცენართან. ამავდროულად, რადგანაც ინფლაცია, სავარაუდოდ, მთელი წლის განმავლობაში სამიზნე დონეზე მაღალი დარჩება, პროგნოზი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნებას ითვალისწინებს, ვინაიდან ეროვნული ბანკი „ინფლაციური შოკის ამოწურვას" განაკვეთის შემცირების წინაპირობად ასახელებს.
ამ კუთხით, საყურადღებოა ირანსა და აშშ-ს შორის სამხედრო დაპირისპირების ხელახალი გააქტიურება ახლო აღმოსავლეთში. როგორც თიბისი კაპიტალის წინა პუბლიკაციაში იყო აღნიშნული, ის ფაქტი, რომ ორ ქვეყანას შორის ივნისში მიღწეული შეთანხმება საბოლოო არ არის, ჯერ კიდევ საკმაო გაურკვევლობას მოიაზრებს, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების გაფორმებას ბაზრების მხრიდან გამოკვეთილად ოპტიმისტური რეაქცია მოჰყვა. მიმდინარე ესკალაციის ფონზე, რთული სათქმელია, კონფლიქტის კვლავ გამწვავება დროებითია თუ არა, თუმცა, თუკი დაძაბულობა ხანგრძლივად შენარჩუნდა, რაც ფასებზე გლობალურ წნეხს ბუნებრივად გაზრდის, ინფლაციის პროგნოზიც უფრო მეტად წინა, 6%-იან ნიშნულს დაუახლოვდება. მკითხველს შევახსენებთ, რომ ივნისში პროგნოზის შემცირება სწორად გლობალურ სასაქონლო პროდუქციაზე ფასების მკვეთრ კლებას მოჰყვა. გაურკვევლობის მატებასთან ერთად, იზრდება გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ხანგრძლივად შენარჩუნების ალბათობაც.
ივნისის დინამიკის მხრივ, წლიური ინფლაციის ფორმირებაში ძირითადი კომპონენტი კვლავ საწვავია, თუმცა მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ასევე პურის, ელექტროენერგიის, სიგარეტისა და ინტერნეტის ტარიფების ცვლილებებს. ეს ფაქტორები ამჟამად ინფლაციის მნიშვნელოვან ნაწილს განაპირობებს, თუმცა, საბაზო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, მათი გავლენა ფასებზე თანდათან შესუსტდება.
აღსანიშნავია, რომ ინფლაციის უფრო ხისტი მაჩვენებლები სამომხმარებლო ფასებზე შედარებით მაღალი, თუმცა მეტწილად მაინც ზომიერი წნეხის არსებობაზე მიუთითებს. მაგალითისათვის, მედიანური ინფლაცია ივნისში 1.9%-დან, 2.5%-მდე გაიზარდა, თუმცა უკვე ზედიზედ მესამე წელია 3%-იან სამიზნე დონეზე დაბალი რჩება. ამასთან, შეკვეცილი ინფლაციისა და დიფუზიის ინდექსებიც მიუთითებს, რომ ცალკეული საქონლის წვლილი ფასების ზრდაში მართალია მნიშვნელოვანია, თუმცა ინფლაციის აჩქარება მხოლოდ მათი მიზეზით არ არის განპირობებული და უფრო ფართო ხასიათს ატარებს. აგრეთვე, გაზრდილია მომსახურების ფასებიც, რასაც ძირითადად საცხოვრებელთან და ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურებების გაძვირება განაპირობებს.
როგორც წინა განახლებაში იყო აღნიშნული, ახლო პერიოდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები კვლავ ნავთობისა და სურსათის ფასებია. ბოლო პერიოდში, ნავთობის ფასები გლობალურად მცირდებოდა და კონფლიქტამდე არსებულ დონესაც კი ჩამოსცდა. ამასთან, საწვავის ფასების შემცირების ნიშნები უკვე გამოჩნდა ადგილობრივ ბაზარზეც. ამ ფონზე, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის კვლავ გააქტიურების შემდგომ, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 25 ივნისს დაფიქსირებული 72 აშშ დოლარიდან, ოთხშაბათს დილისთვის 78 აშშ დოლარამდე გაიზარდა. საერთაშორისო და ადგილობრივ ფასებს შორის ისტორიულად მაღალი კავშირის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ, თუ კონფლიქტის ესკალაცია შეზღუდული მასშტაბის გამოდგა, იმპორტირებული ინფლაცია, რომელიც თებერვალში დაფიქსირებული წლიური -0.7%-დან ივნისში 6.1%-მდე გაიზარდა, მომდევნო თვეებში შემცირდება. ამავდროულად, როგორც ზემოთ ითქვა, ამ მხრივ რისკები მნიშვნელოვნად არის მომატებული. თუმცა აღსანიშნავია, ისიც, რომ ნავთობის გლობალური ფასის 78-დოლარიან ნიშნულზე შენარჩუნებაც საწვავის მიმდინარე ფასების გარკვეულწილად შემცირებას მოიაზრებს.
ასევე მაღალია გაურკვევლობა სურსათის ფასების კუთხით, თუმცა სურსათისა და სასუქების საერთაშორისო ფასები, ესკალაციის ფონზე ზრდის შემდეგ, კლების დინამიკას აჩვენებს. მიუხედავად ამისა, საკვები პროდუქტები 2026 წელსაც, სავარაუდოდ, ინფლაციის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ დარჩება, თუმცა ფასებზე ზეწოლა თანდათან შესუსტდება.
სხვა მონაცემების მხრივ, წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ მაისში 6.4% შეადგინა, რაც, მოლოდინების შესაბამისად, მცირედით აღემატებოდა აპრილის 6.2%-იან მაჩვენებელს, თუმცა უნაღდო დანახარჯების დინამიკა ივნისში აქტივობის გარკვეულ შენელებაზე მიუთითებს. კერძოდ, სეზონური ეფექტის გამორიცხვით, აპრილთან შედარებით გაუმჯობესებული, თუმცა მაისთან შედარებით გარკვეულწილად შემცირებულია როგორც ადგილობრივების, ასევე არა-რეზიდენტების რეალური უნაღდო დანახარჯები. ამ ფონზე, ივნისის ბოლოდან თბილისისა და განსაკუთრებით ბათუმის აეროპორტებში ფრენების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ივლისში ტურისტული მოთხოვნის პოტენციურ გაძლიერებაზე მიუთითებს.
სავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში არსებული სიჭარბე, რომელიც ლარის გამყარებასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდას უწყობს ხელს, სავარაუდოდ ივნისსა და ივლისის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ივნისში უცხოური ვალუტის შემოდინებებში საკმაო წვლილი შეიტანა არა-რეზიდენტების მხრიდან ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გააქტიურებულმა შესყიდვებმაც, რამაც უცხოელი ინვესტორების წილი მთავრობის ფასიან ქაღალდებში 2022 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალურ, 8.3%-მდე გაზარდა.
ამ ფონზე, მოლოდინების შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვები ივნისის ბოლოსთვის კვლავ გაიზარდა და 7.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის 52%-იანი მატებაა. ასევე, სებ-მა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც ოქროს წილმა მთლიან რეზერვებში 14.2%-ს მიღწია. მოსალოდნელია, რომ რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, თუმცა შედარებით ზომიერი ტემპით.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007573-macro-update-georgia
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)