19:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-11-08 11:01:45, 2074 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ა.პ. დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 იანვარს, ქ.თბილისში ყოფნისას ა.პ. დაუკავშირდა და შეხვდა ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს ა.ფ.-ს, რომელსაც უთხრა, რომ  საქართველოში მყოფი ასევე  ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ვ.ა. სოციალური ქსელების მეშვეობით მის მიმართ ღირსების შემლახავ ინფორმაციას ავრცელებდა და ა.ფ.-ს მკვლელის პოვნა შეუკვეთა, რომელიც გასამრჯელოს მიღების სანაცვლოდ ვ.ა.-ს მოკლავდა. 

„2018 წლის 27 იანვარიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ა.ფ. და ა.პ. რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და მკვლელობის დეტალებზე და  გვამის გადამალვის გეგმაზე შეთანხმდნენ. ა.პ.  ა.ფ. - ს დაპირდა, რომ ვ.ა.-ს მკვლელს  5000 აშშ დოლარს გადაუხდიდა და იარაღის შესაძენად  500 აშშ დოლარს მისცემდა. ერთ-ერთი შეხვედრის დროს 2018 წლის 4 თბერვალს ა.პ.-მ  მკვლელობის დეტალები დააზუსტა და ა.ფ.-ს დაავალა, რომ დამაჯერებლობის განსამტკიცებლად გვამისთვის სურათის გადაღება და მისთვის ჩვენება იყო საჭირო, ხოლო  უსაფრთხოების მიზნით ვ.ა.-ს გვამზე დიდი ლოდები უნდა დაეკიდათ  და  წყალში ჩაეგდოთ. 2018 წლის 7 თებერვალს კი ა.პ.-მ მკვლელობის იარაღის შესაძენად ა.ფ.-ს 1200 ლარი  გადასცა.   

სამართალდამცველებმა ა.პ. 2018 წლის 9 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას  ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით ( შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics