|
2018-06-08 13:40:48, 1050 ნახვა
ეკონომიკა
პრემიერი: 2018 წლის მიმდინარე პერიოდში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება
„აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.5%-ს შეადგენს, 2018 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი - 5.5%-ა; ტენდენცია, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული, არის რეცეპტი და გზა, სიღარიბის დაძლევისა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოზიტიური ტენდენციები ნარჩუნდება ბიზნეს სექტორში ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების ზრდის მიმართულებით. „ძალიან გვახარებს ყველას, რომ 2018 წლის მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა 2018 წლის აპრილის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც 6.5%-ს შეადგენს. და ეს არის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, როგორც ყოველთვიურ, ისე კვარტალურ ჭრილში. მიმდინარე წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი, 5.5%-ს შეადგენს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურ ზრდაში წარმმართველი როლი კერძო სექტორს უჭირავს. ბოლო წლების მსგავსად, 2018 წლის პირველ კვარტალშიც ნარჩუნდება საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები ბიზნეს სექტორში ბრუნვის, გამოშვების და დასაქმების ზრდის მიმართულებით. 2018 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.6%-ით გაიზარდა და 18.0 მილიარდი ლარი შეადგინა. ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ მცირე და საშუალო საწარმოების ბრუნვის ზრდა 20%-ით. მე მინდა ვთქვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესზე და ეს ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იყოს მცირე და საშუალო ბიზნესში, ვინაიდან სწორედ ეს მიმართულება აგრძნობინებს მოსახლეობის ფართო ფენებს ეკონომიკური ზრდის შედეგებს“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, 17.1%-ით არის გაზრდილი მსხვილი საწარმოების ბრუნვა. „ბიზნესსექტორში ბრუნვის ზრდა, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება დასაქმებაზეც - 2018 წლის პირველ კვარტალში სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.3%-ით, მათ შორის დაქირავებული სამუშაო ადგილების რაოდენობა 5.7%-ით გაიზარდა. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალთან შედარებით ბიზნესსექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 8%-ით არის გაზრდილი, დაახლოებით 1100 ლარს შეადგენს. გამოშვების ზრდა ფიქსირდება, ასევე, ძალიან ბევრ სექტორში, ეს გახლავთ სწორედ ტურისტების უპრეცედენტოდ გაზრდილი რაოდენობის შედეგი და კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ტურიზმის მზარდი ტენდენციები ყველაზე მეტად აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე. რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეეცდება, რომ ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევა დახარჯოს. ჩვენ გვინარჩუნდება ის პოზიტიური ზრდა რაც შარშან გვქონდა და მიმდინარე წლის 5 თვეში 23.5%-ით არის გაზრდილი ტურისტების რაოდენობა, რაც დამერწმუნეთ, ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა კი, 28.4%-იანი ზრდა განიცადა 4 თვის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოსახლეობამდე სწორად მივიტანოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს არ არის მხოლოდ ციფრები. ეს არის კონკრეტულ ადამიანებსა და კონკრეტულ კომპანიებზე ასახული პოზიტიური ტენდენციები. რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს ყველა დალხენილი არ არის. მე როდესაც ამ ციფრებზე ვსაუბრობ ხოლმე, ყოველთვის ვფიქრობ, თუ რამდენად რთულია იმ ადამიანისთვის, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან უჭირს ამ ციფრების მოსმენა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)