|
2024-05-28 12:53:19, 401 ნახვა
საზოგადოება
დიდი ლილოს პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობის მიზნით, თბილისის მერიასა და EBRD-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლის ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის დრაკინოსმა. სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მიერ გამოიყოფა სესხი 16 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონალური ფონდის (E5P) მიერ გრანტი - 4 მლნ ევრო. „დედაქალაქში დაწყებულია ნარჩენების მართვის რეფორმა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს. დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს დიდი ლილოს ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის შექმნას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელსაც დიდ მადლობას ვუხდით. ბანკი აქტიურად გვეხმარება როგორც სტრატეგიის დაწერაში, ისე მის იმპლემენტაციაში. უკვე მალე დაიწყება ამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. „დღეს მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ხელი მოვაწერეთ თბილისის გაზშემკრები პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმებას. პროექტი ითვალისწინებს ლილოს ნაგავსაყრელზე ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას, ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების გადახურვას და მიღებული გაზისგან ელექტროენერგიის მიღებას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პროექტს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს“, - განაცხადა ალკის დრაკინოსმა. პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. დიდი ლილოს პოლიგონზე მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც ნარჩენების განთავსების შედეგად გამოფრქვეული მეთანი ჰაერში არ გაიფანტება, მოხდება მისი ელექტოროენერგიად გარდაქმნა და გამოყენება. აღნიშნული სამუშაოებით დიდი ლილოს დასახლებაში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება. შესაბამისი ტენდერის საფუძველზე მოხდება საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევა, რომლებიც ბანკთან და „თბისლერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
„მოიწვიე ფინედუ კლასში“ - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ფინანსური განათლების გაკვეთილებს 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო
ნატოს სამიტზე სტარმერმა ევროპას შორი მოქმედების იარაღისთვის 50 მლრდ-იანი გეგმა წარუდგინა
Reuters: ტრამპმა ნატოს ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ ალიანსში დარჩენას აპირებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)