|
2021-07-14 17:42:24, 739 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე, სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებსა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს თბილისის მერმა კახა კალაძემ და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე. მხარეებმა გამოთქვეს კმაყოფილება თბილისსა და ბაქოს შორის დაძმობილების მემორანდუმის გაფორმების გამო, რაც მათი შეფასებით, კარგი შესაძლებლობაა, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის განვითარებისთვის. „სასიამოვნოა, რომ დღეს ვიმყოფები აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. აზერბაიჯანთან, ჩემი წინა თანამდებობიდან გამომდინარე, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი, ხშირი კომუნიკაცია მქონდა, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განვახორციელეთ ერთიანი ძალისხმევით და ეს თანამშრომლობა მომავალშიც უნდა გავაგრძელოთ. გუშინ, თბილისისა და ბაქოს დაძმობილების ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობაა, თუმცა, ვფიქრობ, არსებობს დამატებითი რესურსი იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმავოთ, კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ხალხი ერთმანეთს, გავმართოთ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, როგორც თბილისში, ისე ბაქოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. „აზერბაიჯანი და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამ თვალსაზრისით ორი სახელმწიფოს დედაქალაქების დაძმობილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების განვითარებაში. საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში დიდ პროექტებს ახორციელებენ, რომლებსაც დიდი სარგებელი მოაქვს, როგორც რეგიონისთვის, ასევე, უზრუნველყოფს ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. დღეს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები ყველა სფეროში მაღალ დონეზეა და ჩვენი მხრივ, წვლილს შევიტანთ ამ ურთიერთობების განვითარებაში. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დაგაბაროთ ჩემი გულწრფელი მოკითხვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა. ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კახა კალაძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის საფლავი და "შეჰიდების ხეივანში“ მდებარე მარადიული ცეცხლის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
ლაშა ფარულავა - ოცნების რეჟიმმა საქართველო რუსული და ირანული სისხლიანი ფულის კრიპტო-სამრეცხაოდ აქცია
შს სამინისტრო 2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვანის, გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ, ასევე გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
„პეტრიოტის“ მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინა გააუმჯობესებს და შეამცირებს რაკეტების ღირებულებას - მედია
გივი მიქანაძე – სასკოლო ფორმის ტარება ემსახურება თანასწორობას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)