|
2021-03-17 13:08:17, 781 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 50 საბაზისო პუნქტით 8.50 პროცენტამდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 17 მარტს რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ცნობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.50 პროცენტით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. „თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა, რაც დროებითი ხასიათისაა. როგორც წესი, ცენტრალური ბანკები ასეთ დროებით ფაქტორებს მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებაში არ ითვალისწინებენ და ინფლაციის საშუალოვადიანი პროგნოზით ხელმძღვანელობენ. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციის მაჩვენებელზე შესაბამისად აისახება. ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით იმოქმედებს. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ინფლაციის დინამიკაზე მოქმედ ფაქტორებს შორის კვლავ სახეზეა საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც წლის დასაწყისიდან განსაკუთრებით დაჩქარდა. აღნიშნული ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, პანდემიით გამოწვეული გამოშვების შემცირების გამო პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები გაზრდილია, რაც ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლის კიდევ ერთი წყაროა. კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებულ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნება, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე დამატებით წნეხს აჩენს. ამასთან, კვლავ მაღალი რჩება გაურკვევლობა საგარეო მოთხოვნის აღდგენის დინამიკის კუთხით. რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. გარდა ამისა, მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნება ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს აძლიერებს, რაც მომავალში, შესაძლოა, ინფლაციის ზრდაში აისახოს. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე, წლის განმავლობაში, პოლიტიკის დამატებითი გამკაცრების საჭიროება არ იკვეთება“, - აღნიშნულია განცხადებაში. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეკონომიკური აქტივობა იანვარში წლიურად 11.5 პროცენტით შემცირდა. „წინასწარი ინდიკატორებით, ერთობლივი მოთხოვნა სუსტია. არსებული შეფასებით, ეკონომიკური აქტივობა იანვარში წლიურად 11.5 პროცენტით შემცირდა. შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, წლის განმავლობაში ეკონომიკური აქტივობის ეტაპობრივი აღდგენაა მოსალოდნელი, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. ამის საპირისპიროდ, საგარეო მოთხოვნა მნიშვნელოვნად შემცირებული დარჩება. რაც შეეხება მიმდინარე მაჩვენებლებს, საერთაშორისო მოგზაურებისგან მიღებული შემოსავალი მინიმალურია და იანვარში წლიურად 95 პროცენტით შემცირდა. სუსტი ერთობლივი მოთხოვნისა და გაუფასურებული გაცვლითი კურსის ფონზე, წინასწარი მონაცემებით, საქონლის იმპორტი თებერვალში წლიურად 12 პროცენტით შემცირდა, ექსპორტი კი მცირედით გაუმჯობესდა და 3 პროცენტით არის გაზრდილი. საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 28 აპრილს ჩატარდება“, - აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)