|
2019-06-03 13:22:57, 1025 ნახვა
საზოგადოება
FAO და ევროკავშირი ქართველ ფერმერებს ბოსტნეულის წარმოების საუკეთესო პრაქტიკას უზიარებენ
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბადრიჯნის საცდელი მეურნეობის პრეზენტაცია გამართა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპული სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში. ღონისძიების მონაწილეებს: ფერმერებს, ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრებს FAO-ს ექსპერტებმა და საცდელი მეურნეობის მასპინძელმა ფერმერებმა - დავით და ვალენტინა კაპანაძეებმა სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობისას მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. ყურადღება გამახვილდა ნაკვეთის მოწყობისას ისეთი მეთოდების გამოყენებაზე (მაგ. მულჩირება), რომლებიც მოსავალს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გვალვის, წვიმისა და სხვადასხვა მავნებლებისგან იცავს. საუბარი შეეხო ირიგაციის, სასუქების შეტანისა და პესტ-მენეჯმენტის თანამედროვე პროგრამებს, ფერმერის ეკიპირებასა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებას. „ჩვენ გადავწყვიტეთ გამოგვეყენებინა და პრაქტიკაში გადმოგვეტანა მთელი ის ცონდა, რაც FAO-ს ექსპერტებმა გაგვიზიარეს. ყველა მათი რჩევა გავითვალისწინეთ და შედეგად მივიღეთ ბადრიჯნის შესანიშნავი მოსავალი. წვიმამ მეზობელი ფერმერების მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა, ჩვენმა ნარგავებმა კი ყველა ამინდსა და მავნებელს გაუძლო“, - განაცხადა ვალენტინა კაპანაძემ, საცდელი მეურნეობის მასპინძელმა ფერმერმა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ENPARD-ის პროექტების კოორდინატორმა და ლილიან ტოდტერმა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა. ,,შთამბეჭდავია, როცა მსგავს შედეგს ვხედავთ პროექტის ფარგლებში. FAO-სა და ევროკავშირის თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქართველი ფერმერებისთვის საერთაშორისო ექსპერტიზის გაზიარებას, რადგან ჩვენ ორიენტირებული ვართ, რომ საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების დონე გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ტოდტერმა. „FAO ევროკავშირთან ერთად მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გასაძლიერებლად. მსგავსი ტიპის ღონისძიებებით ხელს ვუწყობთ ფერმერთათვის საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას და ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რაც, საბოლოო ჯამში, სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ემსახურება“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა. შეხვედრა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის გაძლიერების პროგრამის ნაწილია, რომელსაც FAO ახორციელებს ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს მხარდასაჭერად. პროექტი სამინისტროს ეხმარება „2018-2019 წლების სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის ეროვნული სტრატეგიის“ დანერგვაში. FAO ორგანიზებას უკეთებს ფერმერთა სკოლებს, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ფერმერებისთვის, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, მიმდინარეობს კარტოფილის, ბადრიჯნის, ხორბლის, სიმინდის, კიტრისა და ჟოლოს სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა დედოფლისწყაროში, ახალქალაქში, ყაზბეგსა და ლაგოდეხში. ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას მხარს უჭერს ENPARD პროგრამის მეშვეობით. სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით, ENPARD-ის პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის პირველი ფაზა ფოკუსირებული იყო სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარებაზე, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე ფოკუსი სოფლის მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნაზე კეთდება (რაც არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებს მოიცავს). ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ საიტზე: www.enpard.ge
(NS)
მიქანაძე : მშობელი თუ არ ჩააცმევს ბავშვს ფორმას, იქნება კონკრეტული მექანიზმები, რაც შეიძლება ამოქმედდეს
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში - განაცხადების მიღება დაიწყო
ბოკუჩავა - დავრჩები პოლიტსაბჭოში რიგით წევრად
კირცხალია – ქალბატონების ჭიდილი უკვე ლამაზ სანახაობად გადაიქცა, ქალბატონი ნანას და ბრწყინვალე თინას ჭიდილი მიხეილ სააკაშვილის კარზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)