|
2019-02-06 16:13:40, 1057 ნახვა
საზოგადოება
მერია შპს „ტაოსთან“, რომელიც გლდანში სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს
თბილისის მერია შპს „ტაოსთან“, რომელიც გლდანის მე-6 მიკრორაიონში, მეშვიდე და მეოცე კორპუსებს შორის არსებულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებდა, ხელშეკრულებას წყვეტს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შპს „ტაოს“ სკვერის მოწყობის სამუშაოები ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა დაესრულებინა. „ჩვენთვის სკვერების, პარკების მოწესრიგება, არსებულის რეაბილიტაცია, ახალი საქალაქო პარკების შექმნა და მშენებლობა მნიშვნელოვანია. გამგეობები სკვერების მოწყობასა და მოწესრიგებაზე აქტიურად მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო გლდანის მეექვსე მიკრორაიონში სკვერის მშენებლობა, რომელიც გასულ წელს დავიწყეთ. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი პროექტის დროს, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, გვყავს ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიები. რა თქმა უნდა, ბევრი კომპანია პასუხისმგებლიანია, იქცევა კეთილსინდისიერად, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენენ, პრობლემებს უქმნიან ქალაქს და მის განვითარებას. აღნიშნულმა კომპანიამ სკვერის მოწყობის სამუშაოები გასული წლის ნოემბრისთვის ვერ დაასრულა“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, გამოვლენილი ხარვეზების გამო, მუნიციპალურმა ინსპექციამ სკვერში მთელი რიგი სამუშაოები შეაჩერა. „ეს ყველაფერი მხოლოდ გლდანისა და იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ხომ არ კეთდება?! მნიშვნელოვანია, ქალაქში შეიქმნას მწვანე სივრცეები, რომელშიც ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეს გაკეთებული საქმის ხვალ და ზეგ გაკეთება არ მოგვიწიოს. ამ ყველაფერში ჩვენი მოქალაქეებისგან შემოსული თანხები იხარჯება. ამიტომ, ჩვენთვის ეს დამოკიდებულება და მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. პირდაპირ ვამბობ - ასეთი კომპანიები დედაქალაქის მთავრობასთან ვერ ითანამშრომლებენ. ეს არის პირდაპირი შეურაცხყოფა პირველ რიგში, თბილისის მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა. კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, აღნიშნულ კომპანიასთან კანონით გათვალისწინებული პროცედურები გატარდეს. „ირაკლი ბენდელიანს მინდა დავავალო, რომ ამ კომპანიასთან თანამშრომლობა შეწყდეს. მოქალაქეები სამუშაოების დასრულებას და განახლებულ სკვერს ელოდებიან. ყველა ვამაყობთ პროექტებით, რომელიც დღეს ქალაქში ხორციელდება და ნამდვილად გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი. კანონის ფარგლებში იმოქმედეთ, რათა დროულად მოხდეს იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც თვალში საცემია. ეს კომპანია ანალოგიურად მუშაობდა ბუშის ქუჩაზე. იქაც გადაამოწმეთ შესრულებული სამუშაოები. შესაბამისად, იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროექტების დასრულება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)