|
2016-09-15 11:01:42, 724 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გოგონებისათვის სტიპენდია დააწესა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს სწავლის დაწყება ქუთაისიდან მიულოცა, სადაც გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სწავლის დაწყების პროცესს დაესწრო. ლიცეუმის ისტორიაში პირველად, წელს გოგონებიც მიიღეს და უმაღლესმა მთავარსარდალმა მათ სწავლის დაწყება პირადად მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებს მიმართა, სწავლაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ განათლება, როგორც თითოეული მოსწავლის პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია. „მთელ საქართველოს მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე - სწავლის დაწყების დღესასწაული! განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო პირველკლასელებსა და პირველკურსელებს, რომლებიც ახალ ფურცელს შლიან თავიანთ ცხოვრებაში. მინდა, რომ ეს ახალი გზის დასაწყისი, გასაკუთრებით საინტერესო და წარმატებული იყოს მათთვის. ამ დღის მოლოცვა მე გადავწყვიტე გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმიდან, ქუთაისიდან, რადგან ეს განსაკუთრებული სასწავლებელია და განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წინსვლაში, ჩვენი ქვეყნის დაცულობის საქმეში. გადავწყვიტე, რადგანაც აქ, სასწავლებლის დაარსების მეექვსე წლისთავს კიდევ ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი ნაბიჯით ხვდებიან - წელს ლიცეუმმა პირველად მიიღო გოგონები თავის რიგებში და ამიერიდან ქართული შეიარაღებული ძალების გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში, ისევე როგორც ტრადიციულად ჩვენს ქვეყანაში, ქალი და კაცი ერთად იდგება ქვეყნის სადარაჯოზე. აქედან მინდა გითხრათ ყველას - მტერსაც და მოყვარესაც, რომ ეს ქვეყანა ძალიან ძლიერია. ძლიერია თავისი წარსულით და ძლიერია თავისი მომავლით, ტრადიციებით, რომელთანაც არასოდეს წყვეტს კავშირს. გიორგი კვინიტაძის თანამებრძოლი იყო მარო მაყაშვილი და ასე ტრადიციულად და ისტორიულად, ქართველი ქალი ყოველთვის, ქართველი კაცის გვერდით იდგა. ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია - დღესაც ცოცხლობს და გრძელდება. მინდა განსაკუთრებით მოგილოცოთ თქვენ ლიცეუმის ახალო მოსწავლეებო, გოგონებო და გამოვიდე ინიციატივით, რომ თქვენი სულიერი თანამებრძოლის გიორგი კვინიტაძის და თანამებრძოლის მარო მაყაშვილის ხსოვნიდან გამომდინარე, ლიცეუმში გოგონებისთვის სტიპენდია დავაარსო. დარწმუნებული ვარ, ეს პირველ წელს კიდევ უფრო წაახალისებს იმ პროცესს, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამსახურში ძლიერ და მტკიცე დგომას განაპირობებს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ლიცეუმის ყველა მასწავლებელს, პროფესორს, იმ ოფიცრებს, იმ კადეტებს, ვინც ჩვენს სამშობლოს აძლიერებენ. იცოდეთ, რომ მე და საქართველოს მოქალაქეები ძალიან ვაფასებთ თქვენს ღვაწლს. მადლობა სამსახურისთვის. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)