|
2016-07-19 21:50:34, 734 ნახვა
საზოგადოება
„განიხილება საკითხი, რომლის მიხედვითაც თურქეთში მყოფ ქართველ პატიმრების საპრობაციო ვადის მოხდა საქართველოში შეეძლებათ“
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ბექირ ბოზდაის შეხვდა. კახა კახიშვილი თურქეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა თურქ კოლეგას სამხედრო ამბოხის მცდელობის დროს დაღუპულთა გამო სამძიმარი გამოუცხადა. მისი თქმით, თურქეთი საქართველოს მეზობელი ქვეყანა, სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, საქართველო დაინტერესებულია თურქეთში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობის გააქტიურების საკითხები განიხილეს და ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. თურქეთის რესპუბლიკის სასჯელაღსრულების სისტემა სტრუქტურულად იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. კახა კახიშვილმა ბექირ ბოზდაის საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები და გამოწვევები გააცნო. „შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ პრობაციასთან დაკავშირებული საკითხები, ვინაიდან თურქული კანონმდებლობით, პირი, რომელიც ტოვებს ციხეს, ვალდებულია ბინა იქირაოს და თურქეთში იცხოვროს, რაც, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემასთან არის დაკავშირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. თურქეთის იუსტიციის მინისტრმა გვითხრა, რომ აუცილებლად განიხილავენ საკითხს, რომლის მიხედვითაც საპრობაციო ვადის მოხდა პირს საქართველოში შეეძლება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. მან თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართ მადლიერება გამოხატა, რომელმაც აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თურქეთის ციხეებში მყოფი ქართველი პატიმრებისთვის სააღდგომო საჩუქრების გადაცემაში მხარდაჭერა აღმოუჩინა და ხელი შეუწყო. თავის მხრივ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს უწყობს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის პატიმრებისთვის თავიანთ რელიგიურ დღესასწაულებზე საჩუქრების გადაცემას. კახა კახიშვილმა, ასევე, მონაწილეობა მიიღო საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილის თურქეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოსა და თურქეთის შესაბამის უწყებებს შორის რამდენიმე დოკუმენტიც გაფორმდა, მათ შორის, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და თურქეთის იუსტიციის სამინისტროს შორის. მემორანდუმი პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)