|
2025-01-29 17:16:34, 803 ნახვა
პოლიტიკა
“ევროპის პასუხი საკმაოდ სუსტია“ - ზურაბიშვილს საფრანგეთის პარლამენტში მოუსმინეს
საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს მიმართა. მიმართვის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, რომელშიც, სხვა დეპუტატებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა. სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ეროვნულ ასამბლეას დისტანციურად მიმართა თბილისიდან, ფრანგ დეპუტატებს წარუდგინა თავის ხედვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. "ვიტყოდი, რომ პირველი გამოწვევა, პირველი საკითხი დემოკრატიაა, რამდენადაც დღეს ჩვენს წინაშეა ერთპარტიული რეჟიმი, პარლამენტი კი არალეგიტიმურია და გაყალბებული არჩევნებით არჩეული", - უთხრა მან ეროვნულ ასამბლეას გამოსვლის დასაწყისში. მისი თქმით, საქართველოში "ყველა ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია, ხოლო ეს პარტია ერთი კაცის, ბატონი ივანიშვილის ხელში, რომელიც თავად იღებს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას". სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა რუსეთის როლსა და ინტერესებზე საქართველოსა და რეგიონთან მიმართებით. მან განაცხადა, რომ რუსეთი მიმართავს "ჰიბრიდულ სტრატეგიას საქართველოს, მოლდოვისა და რუმინეთის წინააღმდეგ", რაც, ზურაბიშვილის თანახმად, მოიცავს არჩევნებში ჩარევის, პოპულიზმის, კორუფციისა და პროპაგანდის კომბინაციას. თავის გამოსვლაში, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი კრიტიკული იყო ევროკავშირის მიმართ. მან თქვა, რომ საქართველოში განვითარებული მოვლენების მიმართ "ევროპის პასუხი საკმაოდ სუსტი იყო და გამოწვევის წინაშე დააყენა თავად ევროპა და მისი საგარეო პოლიტიკა". ზურაბიშვილმა დასძინა, რომ ევროკავშირისგან "უფრო ნათელ პოლიტიკას ელის" და ევროკავშირის საბჭო იმისთვის გააკრიტიკა, რომ მათ არ გამოხატეს მკაფიო პოზიცია აქციების დროს დაკავებულების, მათ შორის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის დასრულების შემდეგ, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დისკუსია გაიმართა. მასში, სხვა დეპუტატებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ფრანსუა ოლანდმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა 2012-2017 წლებში. მან "მხარდაჭერა და სოლიდარობა" გამოუცხადა ქართველ ხალხს და თქვა, რომ "იცის, თუ რა როლს თამაშობდა [სალომე ზურაბიშვილი] წლების განმავლობაში, რათა საქართველოს ევროპაში ჩაეშვა ღუზა". "ვწუხვარ, რომ ევროპა ასეთი რბილია იმასთან მიმართებით, რაც საქართველოში ხდება", - დასძინა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა. კიდევ ერთმა დეპუტატმა, ემანუელ მაკრონის პარტიის წარმომადგენელმა, პიერ-ალექსანდრ ანგლადმა თქვა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება "დამტკიცებულია" და "არალეგიტიმური" უწოდა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას. ანგლადის თქმით, საქართველოში შექმნილი კრიზისიდან სწრაფად უნდა იქნას გამონახული პოლიტიკური გამოსავალი, რაც ახალი არჩევნების გზით უნდა მოხდეს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)