|
2023-11-16 11:11:02, 705 ნახვა
საზოგადოება
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს თბილისში კიდევ ერთი ახალი ავტომატური სადგური შეემატა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს თბილისში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. 2023 წლის ბოლომდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი 8 ავტომატური და 1 მობილური სადგურით გაფართოვდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესი, ასევე, სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მიმართა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის ქსელის გაფართოების მიმართულებით ფასდაუდებელია პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერა. „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივები გვქონდა საკანონმდებლო დონეზე. შემოვიღეთ სხვადასხვა რეგულაციები სამრეწველო სექტორის, ასევე, ავტოტრანსპორტის მიმართულებით, რომელიც დიდ ქალაქებში არის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სრულიად თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი მონიტორინგის სადგური გავხსენით და აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე, ასევე მათი მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით დამატებით ახალი რვა სადგური გვექნება. ეს პროექტი გრძელდება და მომავალი წლიდან უკვე ევროკავშირის მხარდაჭერით, მთლიანად დაიფარება მთელი ქვეყნის ტერიტორია. ქვეყნის მასშტაბით 27 ასეთი სადგური გაიხსნება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უტყუარი ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ. „საქართველოს ჰაერის ხარისხის მართვის კუთხით დღეს მნიშვნელოვანი დღეა. დამონტაჟდა კიდევ ერთი ავტომატური სადგური თბილისში, რომელიც იძლევა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, ტრანსპორტის, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რაც დადებითად აისახა ევროკავშირის მოხსენებაში. ასევე, აღსანიშნავია ის დიდი წვლილი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეიტანა მონიტორინგის გაუმჯობესებაში. შვედეთის მთავრობა, თავის მხრივ, გააგრძელებს მხარდაჭერას, რათა საქართველოს ამ მიმართულებით ჰქონდეს შესაბამისი მონიტორინგის სისტემა“, - აღნიშნა საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ერიკ ილესმა. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგურიდან მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, დაიგეგმოს ახალი ღონისძიებები და პროექტები, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჰაერის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული მონაცემები განთავსდება სააგენტოს პორტალზე www.air.gov.ge.
აშშ-მ ირანს ჰორმუზის სრუტეში თავდასხმების შესაჩერებლად ვადა დაუწესა
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)