|
2023-11-15 12:00:33, 617 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ილიას ბაღის მმართველ კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მიუთითებს
თბილისის მერია ილიას ბაღის მმართველ კომპანიას ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე მიუთითებს. ბაღში არსებულ პრობლემურ მდგომარეობასა და აღნიშნული ტერიტორიის მმართველი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების უხეშად დარღვევის ფაქტებზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მერიაში შედის ბაღის მდგომარეობით უკმაყოფილო მოქალაქეების არაერთი წერილი, რომელიც პარკის არასათანადო მოვლა-პატრონობას უკავშირდება. დედაქალაქის მერმა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დარღვევების გამოსწორების მიზნით, პარკის მმართველ კომპანიასთან შეხვედრა და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომპანიასთან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა დაავალა. „ძალიან ბევრი წერილია შემოსული ილიას ბაღთან დაკავშირებით. ილიას ბაღის ტერიტორია 2011 წლის 7 ივლისს, მართვის უფლებით, 49 წლის ვადით (2060 წლის 7 ივლისამდე) გადაეცა შპს „ბიზნეს ცენტრ მოზაიკას“. ხელშეკრულებაში ჩადებულია ვალდებულება, რომ უნდა მოხდეს ტერიტორიის მოწესრიგება, მოვლა-პატრონობა, რათა ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა დასვენების, ბავშვების ატრაქციონებზე მიყვანის, ანუ არაფერი განსაკუთრებული. ბაღი სხვა რეკრეაციული სივრცეების მსაგავსად უნდა უნდა იყოს მოწესრიგებული, თუმცა სახეზე გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა, რაც ძალიან სამწუხაროა და გულდასაწყვეტია. უამრავი წერილი მოდის მოსახლეობიდან და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს არის ჩვენი საკუთრება და მერია არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული სივრცე მოაწესრიგოს. მმართველი კომპანია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ვალდებულია, მუდმივად უზრუნველყოს პარკის მოვლა-კეთილმოწყობა, პარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების აღდგენა და რეაბილიტაცია, ასევე, გასართობი ატრაქციონების პერიოდულად განახლება და მათი უსაფრთხო ფუნქციონირება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთი ხელშეწყობის მიუხედავად, ბაღის მმართველი კომპანია სახელშეკრულებო ვალდებულებებს უხეშად არღვევს. „სამწუხაროა, რომ მიუხედავად მერიის ხელშეწყობისა, მმართველი კომპანია უხეშად არღვევს ბაღის მოვლა-პატრონობისა და სხვა სახელშეკრულებო ვალდებულებებს. ამ დროს ვილანძღები პირადად მე, ილანძღებიან ჩემი თანამშრომლები, რომ თითქოს ჩვენ არაფერს ვაკეთებთ აღნიშნული ტერიტორიის მოსაწესრიგებლად. მინდა, ვთხოვო ვიცე-მერს, დაიბაროს აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები. როდესაც ქალაქის სიყვარულზე ვსაუბრობთ, ის მარტო მერს და მერიის თანამშრომლებს ხომ არ ეკუთვნის? ეს ქალაქი ყველასია და ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ. რაც კეთდება, ის ყველასია და ყველამ უნდა იზრუნოს ამ ქალაქის განვითარებაზე. ყველანაირად ხელს ვუწყობთ ბიზნესს, მაგრამ ბიზნესის მხრიდანაც საჭიროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. თუ აღნიშნული კომპანია ვერ ახერხებს ტერიტორიის მოვლა-პატრონობას, დაიწყეთ საუბარი, რომ არსებული ხელშეკრულება გაუქმდეს და სივრცე თავისი შენობა-ნაგებობებით საკუთრებაში წამოვიღოთ. ჩვენ მივხედავთ, რეკრეაციულ სივრცესაც გავაკეთებთ, მოვაწესრიგებთ და ნორმალური პირობები იქნება დასვენებისთვის, სალანძღავი წერილებიც არ შემოვა ჩემი და ჩემი თანამშრომლების მისამართით“, - განაცხადა თბილისის მერმა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)