|
2023-09-23 13:08:05, 1165 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა პრეზიდენტისგან მორიგი მავნებლობაა
აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა პრეზიდენტისგან,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, არ შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს. ბოკერიას თქმით, "სრული აბსურდი და სიცრუეა", თითქოს, მოქალაქეობის ჩამორთმევით, საქართველოს ფარცხალაძის დევნა ეზღუდება. "საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე უბრალოდ. თუ რამე ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის, ზოგადად, აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან",- ამბობს გიგა ბოკერია. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა აქვს მიღებული. კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას კარგავს, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს (გარდა იმ შემთხვევისა თუ პირს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიენიჭა ან მიღებული აქვს თანხმობა მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე). 19 სექტემბერს, პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძის მოქალაქეობაზე მის ადმინისტრაციაში დოკუმენტი არ გადაგზავნილა და შეწყვეტაზე დასკვნის მიღების შემთხვევაში, მას დააკმაყოფილებდა. 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ყოფილი მთავარი პროკურორისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა და შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტთან გადააგზავნა. გუშინ, 22 სექტემბერს კი, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)