2015-06-24 11:52:16, 625 ნახვა
საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრის 37 ბენეფიციარი პროფესიული გადამზადების კურსებში ჩაერთო
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" 37 ბენეფიციარი პროფესიული გადამზადების კურსებში ჩაერთო.
კურსებს „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ მონაწილეები და მათი ოჯახის წევრები გაივლიან.
დანაშაულის პრევენციის ცენტრის ბენეფიციარები დაეუფლებიან ბუღალტრის, ოფისმენეჯერის, მზარეულის, ძრავის შემკეთებლის, კომპიუტერული ქსელების ტექნიკოსის, შემდუღებლის და სტილისტის სპეციალობებს.
პროფესიული კურსები თბილისში, სხვადასხვა სახელმწიფო კოლეჯებში ჩატარდება. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის ჯონი კვინიკაძის ინფორმაციით, აღნიშნული კურსები საქართველოს იუსტიციისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში" ჩართულ ბენეფიციართა და მათი ოჯახის წევრთა პროფესიულ მომზადებას ითვალისწინებს.
“ეს პროფესიული კურსები ჩვენ ბენეფიციარებს შესაძლებლობას მისცემს, რომ დაეუფლონ საჭირო და საინტერესო პროფესიებს. ეს კი მათი სამომავლო დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის“, განაცხადა ჯონი კვინიკაძემ.
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს დაიწყო. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან