21:51 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 15:17:50, 684 ნახვა

სამართალი
სააპელაციომ სასჯელაღსრულების N8-ე დაწესებულების თანამშრომლების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დ.ხ.-ს და ლ.ბ.-ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ ძალაში დატოვა  თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 12 მარტს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დ.ხ. და ლ.ბ. დამნაშავედ იქნენ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა", ,,ბ", ,,დ", ,,ე" და ,,ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა) და თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად ,,ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენების შემდეგ განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და 1 წლითა და 6 თვის ვადით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება.

„სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით და სასამართლოს განაჩენით დადასტურებულია, რომ 2011-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში,  პატიმართა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, ამავე დაწესებულების თანამშრომლების დ.ხ.-ს და ლ.ბ.-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას და არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას.

ხსენებული პირები N8 დაწესებულებაში შესახლებისას, ძალადობრივი მეთოდებით  უსწორდებოდნენ პატიმრებს, აყენებდნენ მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო შემდგომ პერიოდშიც ამავე პატიმართა მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი, რისი მიზანიც იყო მათი უსიტყვო მორჩილება.

მსჯავრდებულთა  ქმედებების შედეგად პატიმრებს უკანონოდ შეზღუდული ჰქონდათ გასეირნების, სატელეფონო საუბრებისა და მიმოწერის უფლება. არ ჰქონდათ სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ასევე შეზღუდული ჰქონდათ ძილისთვის  და დასვენებისთვის განკუთვნილი დრო.

ასევე დადგინდა, რომ მსჯავრდებულთა მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პატიმრების  საკნიდან თვითნებურად გაყვანას და დაწესებულების კორპუსში მდებარე აბანოში განთავსებას, სადაც ხელკეტებისა და სხვადასხვა საგნების გამოყენებით ხდებოდა  მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება.

სასამართლოზე მტკიცებულებების სახით წარდგენილ იქნა დაზარალებულთა ჩვენებები, რომლებიც სხვადასხვა დროს განთავსებული იყვნენ  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი. ასევე,  წარდგენილ იქნა ორ ათეულ ტომად შეკრებილი, სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics