|
2015-04-30 12:14:30, 1276 ნახვა
სამხედრო
მინდია ჯანელიძე: ყოველი წუთი უნდა დავუთმოთ ჩვენი ჯარის, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას
30 აპრილი საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეა. წელს ქართული არმია დაარსებიდან 24-ე წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცეს. „თქვენ დგახართ სამშობლოს სადარაჯოზე. ეს არის უდიდესი პატივი, მაგრამ ამავე დროს არის უდიდესი მოვალეობა, რომელსაც თქვენ პირნათლად ასრულებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტრადიცია, რაც ჩამოყალიბდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში - ქვეყნისადმი დამოკიდებულების, ქვეყნისადმი სამსახურის, მომავალშიც გაგრძელდება იმ გმირების მაგალითზე, რომლებმაც თავი დადეს ჩვენი ქვეყნისთვის. მათ მაგალითზე სამსახურს აგრძელებთ თქვენ, თქვენ მაგალითზე სამსახურს გააგრძელებენ მომავალი თაობები. ყველა ჩვენგანის ვალია თითოეული წუთი, თითოეული დღე გატარებული ჩვენი შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, იყოს მიძღვნილი ჩვენი ქვეყნისადმი, სამშობლოსადმი და შეიარაღებული ძალების განვითარებისადმი, რადგანაც ეს არის ნამდვილად დიდი პატივი და პრივილეგია. შესაბამისად, ყოველი წუთი უნდა დავუთმოთ ჩვენი ჯარის, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და განვითარებას", - მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს. ქართულ ჯარს იუბილე მიულოცა გენერალური შტაბის უფროსმა: „24 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ქართული შეიარაღებული ძალები. სხვისთვის ეს 24 წელი დატვირთული მოვლენებით, სიმძიმით შეიძლება საუკუნეებს უდრიდეს. ჩვენ ეს გადავიარეთ, ჩვენ ეს გავიტანეთ. ნათქვამია, კაცი ფასდება არა იმით, თუ როგორ ვარდება, არამედ იმით, თუ როგორ დგება და აგრძელებს გზას. ჩვენ ვდგავართ და მტკიცედ ვაგრძელებთ გზას დასახული მიზნისკენ - ჩვენ ამ მიზანს ნამდვილად მივაღწევთ. მინდა, კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე, დაჭრილი მებრძოლების წინაშე. მინდა უდიდესი მხედრული მადლობა გადავუხადო თითოეული სამხედროს ოჯახის წევრს, რომელმაც ყველაფერი საუკეთესო გაიღო, თავისი ოჯახის წილი გაიღო ქვეყნის დასაცავად. ჩვენ არ ვმუშაობთ, ჩვენ ვემსახურებით ქვეყანას. თითოეული ჩვენგანი, ვინც აქ ვდგავართ, ვისაც ეცვა ეს ფორმა, მწყობრში არიან. ყველანი ვართ საქართველოს სადარაჯოზე. ჩვენი დასახული მიზნისკენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. იქნება ბევრი ოფლი, ბევრი გაჭირვება, მაგრამ დამერწმუნეთ, იქნება გამარჯვება თუ ერთად ვიქნებით და ეს გარდაუვალია, რადგან მართალ საქმეს ვაკეთებთ. ჩვენთან არს ღმერთი!“ სიტყვით მიმართვის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წარმატებულ სამხედრო მოსამსახურეებს უწყებრივი მედლები თავდაცვის მინისტრმა, გენერალური შტაბის უფროსმა და მინისტრის მოადგილეებმა გადასცეს.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)