18:46 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-16 12:10:20, 416 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ვერშბოუ: მოკავშირეები მზად არიან, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაში ყველანაირად დაეხმარონ

სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პირველი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა თებერვალში, ბრიუსელში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია და ვარშავაში დაგეგმილi ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მინისტრ ხიდაშელთან. ჩვენ კარგი მეგობრები და კოლეგები გავხდით. ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ნატო-საქართველოს ურთიერთობა. განვიხილეთ თებერვალში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე მინისტრის მიერ შემოთავაზებული ასპექტები. ვისაუბრეთ ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებაზე. იმ დროს, როდესაც მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ქვეყანა - უკრაინა, რუსეთიდან პირდაპირი საფრთხის წინაშე იმყოფება, მოკავშირეები მზად არიან საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში“, - აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„განვიხილავთ თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეთავაზების და წინადადებების ყველა კონკრეტულ ასპექტს ვარშავის სამიტის წინ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად მივიტანოთ ჩვენი სათქმელი, მაქსიმალურად ავუხსნათ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ყველა დეტალი და შევეცადოთ, რომ მივიღოთ ჩვენი თხოვნების თუ მოთხოვნების რაც შეიძლება მეტ პუნქტზე თანხმობა“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ბრატისლავაში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკაში და გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის. ფორუმის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩ ტაკან ილდემთან.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics