|
2024-12-02 00:16:09, 468 ნახვა
საზოგადოება
მეუფე გრიგოლი აქციებზე ძალადობაზე- როცა უმისამართოდ ადამიანს წიხლს ჩააზილავენ, ის შეიძლება მოკვდეს
"მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის დროს სპეციალური ჯგუფების მხრიდან თმენის ვალდებულება გაცილებით მაღალ სტანდარტს მოითხოვს, ვიდრე თუნდაც ერთი რიგითი დემონსტრანტისა. ის სისასტიკე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად აღვივებს, ისედაც აღელვებულ საზოგადოებაში, წინააღმდეგობისა და პროტესტის მუხტს" - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა. "ეს დღეები მთლი საქართველო მიჯაჭვულია ტელევიზორებს და ძალიან ბევრი თქვენგანი ღამეებს ათენებს იმის შიშით, რომ კიდევ უფრო მეტი საშინელება არ მოხდეს. და ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს ჩვენი გამოცდილების მქონე ადამიანები, რომ ასეთ ვითარებაში, როცა უმისამართოდ ადამიანს წიხლს ჩააზილავენ, ის შეიძლება მოკვდეს. უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საქართველო მოიცვა საზოგადოებრივმა მღელვარებამ, ქართული სახელმწიფოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით არსებული ბუნდოვანებისა და მასში გაჩენილი ბზარის გამო. ეს იწვევს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილებას, რაც მიმდინარე დღეების განმავლობაში არაერთგზის გამოიხატა კიდეც, მრავალათასიან საპროტესტო მიტინგებით. მოგეხსენებათ რომ დემოკრატიულ სისტემაში მშვიდობიანი პროტესტის უფლება წარმოადგენს მოქალაქეთა მთავარ, ფუნდამენტურ, კონსტიტუციურ უფლებას და მას, უწინარეს ყოვლისა, გაფრთხილება სჭირდება სწორედ სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი მომსწრე გავხდით იმისა რომ საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული რაზმები, უკიდურესი სისასტიკით უსწორდებოდნენ მომიტინგეებს. პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ხალხი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მათ შორის არიან ჩვენი დები და ძმები, დედები და მამები, ბებიები და ბაბუები. თითოეული მათგანი ამ ქვეყნის შვილია და ისინი მძაფრად რეაგირებენ, როდესაც სამშობლოს მომავლის მიმართ საფრთხის შეგრძნება ეუფლებათ. დაუშვებლად მიგვაჩნია საზოგადოების დაშინების მცდელობა, მით უფრო, როცა ეს ხდება მსგავსი დანაშაულებრივი სისასტიკით; უწინარეს ყოვლისა, ეს აზიანებს ამ ქვეყნის მომავალს. მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის დროს სპეციალური ჯგუფების მხრიდან თმენის ვალდებულება გაცილებით მაღალ სტანდარტს მოითხოვს, ვიდრე თუნდაც ერთი რიგითი დემონსტრანტისა. ის სისასტიკე, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ დღეების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად აღვივებს, ისედაც აღელვებულ საზოგადოებაში, წინააღმდეგობისა და პროტესტის მუხტს, რასაც შესაძლოა უმძიმესი შედეგები მოჰყვეს; სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც უწინარეს ყოვლისა, მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მათ ძირითად უფლებებს უნდა იცავდნენ, ეს უნდა გაითვალისწინონ და დიდი სიფრთხილით მოეკიდონ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. მჯერა რომ საქართველო ღირსეულად დაძლევს ამ განსაცდელს, მჯერა რომ ქართველი ხალხი კარს არ დაუხურავს ქვეყნის განვითარების ევროპულ პერსპექტივას და ზურგს არ აქცევს წინაპართაგან დასახულ ამ დიდ გზას" - თქვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას
აშშ-ის პრეზიდენტმა ანკარაში ზელენსკისთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ პუტინთან საუბარს აპირებს
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
ტრამპი: აშშ ირანზე ახალი დარტყმებისთვის ემზადება
ტრამპი: აშშ უკრაინას Patriot-ის სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიას მისცემს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)