|
2023-12-07 14:41:15, 809 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის რეგიონულ ხელმძღვანელს, მაიკლ ფრენკომს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, მაიკლ ფრენკომმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ვაჭრობის საკითხები, მესაქონლეობის დარგში არსებული მდგომარეობა, კვლევის „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“ შედეგები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს. ოთარ შამუგიამ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტთან წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობა გვაკავშირებს; ერთობლივად არაერთ პროგრამას ვახორციელებთ და მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს. სოფლის მეურნეობის სექტორში ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულებებია მესაქონლეობის დარგის მხარდაჭერა-განვითარება, სასოფლო-სამეურნეო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა, აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია. ფერმერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა მიზნობრივი პროგრამებით, რომელსაც ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებებით. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, USDA-ის და ჩვენი სხვა პარტნიორების მხარდაჭერა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა კანზასის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) კვლევაზე „საქართველოს ხორბლის სექტორის შეფასება“, რომელიც USDA-ის მხარდაჭერით განხორციელდა. ოთარ შამუგიამ კვლევის შედეგებს და ხორბლის წარმოებისა და რეალიზაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ხარისხიანი სათესლე მასალის გამოყენებას, ღონისძიებების კალენდარულ ვადებში განხორციელებას და სარწყავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას გამოწვევების დაძლევის მიმართულებით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ სარწყავი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა. ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის რეგიონულმა დირექტორმა, მაიკლ ფრენკომმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მაიკლ ფრენკომმა ასევე ხაზი გაუსვა „ტრანსკასპიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანში“ საქართველოს როლის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)