|
2021-08-07 12:25:43, 526 ნახვა
საზოგადოება
იარაღის შენახვისა და გადატანის ახალი რეგულაციები დამტკიცდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა იარაღის შენახვისა და გადატანის ახალი რეგულაციები დაამტკიცა. უწყების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის წესში ცვლილებები დაამტკიცა. „მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი. კერძოდ, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვები გახდა მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ვაზნებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რა დროსაც სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ან სანადირო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილ მდგომარეობაში. ბრძანებით დეტალურად განისაზღვრა იარაღის არასრული დაშლის განმარტება. კერძოდ, იარაღი არასრულად დაშლილად ჩაითვლება, თუ მასში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის (ძირითადი ელემენტები) განცალკევება მოხდება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ იარაღებზე, რომელთა კონსტრუქციაც არ იძლევა ამის შესაძლებლობას. განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა დამატებითი რეგულაციები იარაღის შენახვასთან დაკავშირებით. კერძოდ, იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა. გარდა ამისა, ბრძანებაში შესული ცვლილებით, განისაზღვრა აკუსტიკური (ხმოვანი) იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესები. ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება და დასაშვები გახდა მხოლოდ მისი გადატანა თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით. შესაბამისად, ამ მიზნით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანისას მფლობელს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიზნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვები იქნება ერთჯერადად. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას”,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)