|
2016-05-06 14:13:24, 615 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე ბარამიძე: საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში
იუსტიციის მინისტრის პირველმა ალექსანდრე კობაიძემ მოადგილემ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს ეძღვნება. როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მიღწევები და გამოწვევები“ საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა და მასში აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. ალექსანდრე ბარამიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. როგორც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ქართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ითვალისწინებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და მის მიმართ ინტერესი დიდია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების, არამედ კლასიკური დემოკრატიის მქონე სახელმწიფოების მხრიდანაც. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, მთავარი პროკურორის განცხადებით, კოდექსი მუშაობს და ლიბერალურ მართლმსაჯულებაზე გადასვლას არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა უარყოფითად არ შეუცვლია. „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაერო-სბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ, რასაც სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს. ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს. უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებით უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულების და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებით მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული. ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობა კი სასჯელის მოხდისთანავე მოიხსნება. თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება. შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა. ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ ბავშვებთან მიმართებით მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს. რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)