|
2016-03-17 15:24:06, 481 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: რუსეთის პროვოკაციების მიუხედავად საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ცდილობს
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. „ჩვენ მივისწრაფვით ნატოსა და ევროკავშირისკენ და უკვე მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს ამ გზაზე. საქართველო თავს იმკვიდრებს რეგიონში, როგორც ძალზედ მნიშვნელოვანი მოთამაშე“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. მისი თქმით, ყველაზე დიდი ემოციური გამოხმაურება ქართველ ხალხში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას მოჰყვა, რადგან ეს შეთანხმება მათ დიდი ხნის ოცნების ახდენის, კერძოდ, ევროპის სრულუფლებიან წევრებად გახდომის შესაძლებლობას აძლევს. ამ კონტექსტში, მიხეილ ჯანელიძემ ვიზა ლიბერალიზაციის კუთხით მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია, რაც ნიშნავს, რომ „საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელსაც შესაძლებელია ევროკავშირმა თავისი საზღვრები გაუხსნას“. თავის გამოსვლაში მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოსთვის ნატოში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობაზე და ვრცლად ისაუბრა იმ ძალისხმევაზე, რომელსაც მთავრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და ნატოსთან თავსებადობის გაძლიერების თვალსაზრისით ახორციელებს. „ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსის წევრებთან იმისთვის, რომ ვარშავის სამიტზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი დაფიქსირდეს“, - განაცხადა მინისტრმა. წარმატებებთან ერთად, მინისტრმა საქართველოს წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევაზე, კერძოდ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო, მიუხედავად პროვოკაციებისა, ცდილობს სიფრთხილე გამოიჩინოს, შეინარჩუნოს პრაგმატული პოზიცია და იმუშაოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. „ჩვენ ვცდილობთ გავაძლიეროთ ჩართულობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, რათა მათთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ ევროპასთან ინტეგრაციის ის სიკეთეები, რითაც საქართველოს დანარჩენი მოსახლეობა სარგებლობს“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის გამოსვლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსაც შეეხო, კერძოდ, მან საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ ინიცირებულ რეფორმების პროგრამაზე და ამ პროგრამის ფარგლებში კანონის უზენაესობის განმტკიცების, ინკლუზიური მმართველობის განვითარების, ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა. გამოსვლაში ვრცელი ადგილი დაეთმო საქართველოს ეკონომიკური განვითარების თემატიკას, კერძოდ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების, ინვესტიციების მოზიდვის, საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და უმუშევრობის აღმოფხვრის საკითხებს. მინისტრმა საქართველოში მიმდინარე ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა, როგორიცაა ახალი აბრეშუმის გზის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზისა და სამხრეთის გაზის დერეფნის განვითარების პერსპექტივები.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)