|
2023-01-10 09:55:14, 1949 ნახვა
ეკონომიკა
„ანაკლიის კონსორციუმი“ - ჯერ არც პროექტია და ტენდერიც კი არ ჩატარებულა - ხელისუფლებას არ აქვს სურვილი, ანაკლია განვითარდეს
ის, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული ტენდერიც კი არ გამოცხადებულა ჯერ, არათუ დაწყებულა პროექტი, იმის ნათელი დასტურია, რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს რეალური სურვილი, ანაკლია განვითარდეს, - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს. კონსორციუმი ირონიულს უწოდებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობამ ADC-თან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო ვადების დაგვიანება, თავად კი სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საკუთარი დაპირებები და დათქმული ვადები. „ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "სამი წელი გავიდა, რაც საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ანაკლიის პროექტი და მას შემდეგ ამ პროექტის მომავლისთვის არაფერი გაუკეთებია, ცრუ დაპირებების გარდა. საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი წლის თავზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) განცხადებას ავრცელებს: ზუსტად სამი წლის წინ ამ დღეს, საქართველოს მთავრობამ არაკეთილსინდისიერად შეწყვიტა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საინვესტიციო ხელშეკრულება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან.“ ამ პორტს შეეძლო საქართველოს და მისი ეკონომიკის ტრანსფორმაცია, მთავრობას კი ამ სამი წლის მანძილზე, არაფერი გაუკეთებია ცრუ დაპირებების გარდა, თითქოს მხარს უჭერდეს ანაკლიის განვითარებას. ამ სამმა წელმა ანაკლიის პორტთან მიმართებაში მოიტანა მხოლოდ სტაგნაცია და სიყალბე საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიას ეწეოდა პროექტის მთავარი ქართველი სპონსორების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის რეპუტაციისა და იურიდიული მდგომარეობის შესარყევად. ტენდერში ADC-ის გამარჯვების შემდეგ, ხუთი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, ყველა მათგანი მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა და ყველა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურებოდა. ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო თავდაპირველი გრაფიკით, პორტის 1 ფაზა ახლა უკვე იმუშავებდა, 900 000-მდე 20 ფუტიანი ტვირთის კონტეინერის (TEU) და 1,5 მილიონი ტონა მშრალი ნაყარი ტვირთის გამტარუნარიანობით (რაც ბევრად აღემატება ფოთის პორტის დღევანდელ გამტარუნარიანობას). საქართველო მიიღებდა უზარმაზარ ეკონომიკურ სარგებელს და აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობა ეფექტურად განხორციელდებოდა, რუსული გავლენის გვერდის ავლით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ სამი წლის მანძილზე ADC კეთილსინდისიერად მოქმედებდა. კოვიდ-პანდემიის საწყის ეტაპზე, ჩვენ დროებით გადავდეთ საარბიტრაჟო დავა და ამ დროის განმავლობაში არაერთხელ ვეცადეთ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკება, რომ მოგვეძებნა გზები პროექტის რელსებზე დასაბრუნებლად, რათა თავიდან აგვეცილებინა ხანგრძლივი არბიტრაჟი. მთავრობას მუდმივად ვთავაზობდით დახმარებას პროექტისთვის ახალი ინვესტორებისა და დაფინანსების მოძიებაში. მომავალ თვეში ანაკლიასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამ-წლიანი პერიოდი შესრულდება - იმ თარიღიდან, როდესაც ანაკლიის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით ჯავახაძემ Accent News-ს განუცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ახალი ტენდერის თარიღი „დაახლოებით ორ კვირაში გახდება ცნობილი“. გავიდა ორი კვირა, ორი თვე, სამი წელი და ტენდერი ჯერაც არ გამოცხადებულა. ქვემოთ მოცემულია ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებული ახალი ტენდერის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებების არასრული სია. ყველა ამ დაპირების საერთო მნიშვნელი ის არის, რომ არცერთი მათგანი არ შესრულდა. ჯერ არც პროექტია და ტენდერიც კი არ ჩატარებულა. არაფერი გაკეთებულა ქართველი ხალხის, უცხოელი ინვესტორების, ფინანსური ინსტიტუტების, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების, საპორტო-სატრანსპორტო სექტორის მოტყუების გარდა. ყველაზე უფრო ირონიული კი ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ ADC-თან საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაუდო ვადების დაგვიანება, თავად კი სამი წლის განმავლობაში ვერ შეასრულა საკუთარი დაპირებები და დათქმული ვადები",- წერია განცხადებაში.
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის სამივე ყოფილმა პრეზიდენტმა კუჩმამ, იუშენკომ და პარაშენკომ პოლონეთის უმაღლეს ჯილდოზე უარი თქვეს
ბუდანოვმა ნავროცკის გადაწყვეტილების შემდეგ პოლონეთიდან ჯილდო დააბრუნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)