02:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 13:25:19, 1894 ნახვა

ეკონომიკა
აფბა: მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი დედაქალაქის ეკონომიკურ რეალობას აცდენილია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, პირველადი ეკონომიკური შეფასებები წარმოადგინა.

აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის განცხადებით, ორგანიზაციამ  შეისწავლა საპროექტო მომსახურების – ქ. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების მიზნით, ა(ა)იპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ 2015–2016 წლებში წარმოდგენილი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო მომსახურების სამი კვარტალური ანგარიში. მისი თქმით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, შემუშავების მოცემულ ეტაპზე, დედაქალაქის ეკონომიკურ რეალობას აცდენილია.

„არსებულ ანგარიშებში ვერსად შეხვდებით დედაქალაქში ეკონომიკური ზონების განვითარების ხედვას. ვერ მიიღებთ ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ გენგეგმის ავტორები, თბილისის რომელ ნაწილშია უპრიანი ეკონომიკური ზონების განვითარება და რა სათანადო არგუმენტები არსებობს. შესაბამისად, ვერ ნახავთ ვერც საპროგნოზო მაჩვენებლებს, თუ რას გამოიწვევს ესა თუ ის ურბანული გადაწყვეტილება და ცვლილება ქალაქის ეკონომიკური მდგრადობის და განვითარების მიმართულებით. უნდა შეეწყოს თუ არა ხელი უკვე არსებული ეკონომიკური ზონებისა და ცენტრების განვითარებას და თანამედროვე ურბანული ტენდენციებთან მათ შესაბამისობაში მოყვანას. ანუ, ვერ ნახავთ ხედვას, თუ რამდენად უნდა იყოს გააზრებული და უნისონში მოყვანილი არქიტექტორული, სატრანსპორტო-საინჟინრო, საცხოვრებელი განაშენიანების, ეკოლოგიური და რეკრეაციული თუ სხვა ტიპის გადაწყვეტილება თბილისის, ქვეყნის მოსახლეობის 1/3-ის საცხოვრებელი ადგილის ეკონომიკური განვითარების მოთხოვნებთან“, - განაცხადა ბაირახტარმა.

გარდა ამისა, აფბას ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, რომ არსებული კვარტალური ანგარიშები, რაც, სავარაუდოდ, საფუძვლად დაედება გენგეგმას, ვერ ჩაითვლება ე.წ. „თანხმობის დოკუმენტად“, რაზეც „სითი ინსტიტუტს“ პრეტენზიააქვს გაცხადებული, რამდენადაც დოკუმენტის შემუშავებისას საზოგადოების ჩართულობის პროცესი ნამდვილად ვერ ტოვებს დამაკმაყოფილებელ შთაბეჭდილებას. „უფრო მეტსაც გეტყვით, იმ ორგანიზაციას, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს აღებული დედაქალაქის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შედგენაზე, სადღეისოდ, საკუთარი ვებგვერდის მხოლოდ დასახელება გააჩნია - www.cig.ge.  ამ ვებგვერდზე  განთავსებული არაფერია. ძნელია ამისთვის დამთხვევის დარქმევა, რამდენადაც ეს ხდება მას შემდეგ, რაც გენგეგმასთან, მის შემუშავების პროცესთან,  გამჭვირვალობასთან თუ კომპეტენციასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვები  გაჩნდა“, - ამბობს ბაირახტარი.

მისივე განცხადებით, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“  კანონის იმპერატიული მოთხოვნას წარმოადგენს. თუმცა, დღემდე ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია დასკვნების გაკეთება,  გენგეგმაში დაცული იქნება თუ არა კერძო და საჯარო ინტერესები პროპორციულად.

აფბას პირველადი შეფასებით, არსებულ დოკუმენტებს, რბილად რომ ითქვას, მკაფიოობა აკლია, რაზეც ის გარემოება მეტყველებს, რომ აღნიშნულ დოკუმენტებში დედაქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვებთან დაკავშირებით, არაფერია ნათქვამი.

აფბა მიიჩნევს, რომ დოკუმენტის საკრებულოში წარდგენამდე, აღნიშნული მიმართულება სასწრაფოდ არის გამოსასწორებელი.

ბაირახტარის განცხადებით, ახალ გენგეგმასთან დაკავშირებით, აფბა უახლოეს მომავალში მრგვალი მაგიდის ფორმატის ღონისძიების ორგანიზებას გეგმავს. მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე, სადაც „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული იქნებიან ეკონომიკის ექსპერტები და ანალიტიკოსები, გენგეგმის კონტექსტში თბილისის ეკონომიკის განვითარების მიმართულებები და შესაძლებლობები იქნება გახილული.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics