18:02 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-12 16:50:46, 247 ნახვა

პოლიტიკა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეთვრამეტე წლისთავზე, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გაგრძელებისა და გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

ღია წერილში ქართველი ახალგაზრდები პატივს მიაგებენ 2008 წლის ომის შედეგად დაღუპული 400-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის, მათ შორის, სამხედროების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის, ხსოვნას და მადლიერებას გამოხატავენ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ საქართველოს მხარდაჭერისათვის.

განსაკუთრებული ყურადღება წერილში ეთმობა ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეულ ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც უზრუნველყო ცეცხლის შეწყვეტა და ომის ყველაზე მძიმე დღეების დასრულება.
„ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ უზრუნველყო ცეცხლის შეწყვეტა, დაასრულა ომის ყველაზე მძიმე დღეები და არაერთ ჩვენთაგანს სიცოცხლე შეუნარჩუნა.“,-აღნიშნულია ღია წერილში.

ახალგაზრდები ასევე განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიმართ. წერილის ავტორების შეფასებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საოკუპაციო ხაზთან არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ევროკავშირის მისიის ადგილზე ყოფნა და ყოველდღიური საქმიანობა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

ქართველი ახალგაზრდები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მოუწოდებენ, გააგრძელონ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და გააძლიერონ საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა სრულად შესრულდეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

ღია წერილის დასასრულს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მადლობას უხდიან 2008 წელს გაწეული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის, ასევე მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის.


იხილეთ ღია წერილი სრულად:
„2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის თვრამეტი წლისთავზე, მაშინ, როდესაც პატივს მივაგებთ ომის შედეგად დაღუპული 400-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის ხსოვნას-სამხედროების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის. ჩვენ, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები, გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული, განგრძობადი მხარდაჭერისათვის.

დღეს, 12 აგვისტოს, განსაკუთრებული მადლიერებით ვიხსენებთ ევროკავშირის გადამწყვეტ როლს 2008 წლის ომის მძიმე დღეების შეჩერებაში. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულმა 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანმა შეთანხმებამ უზრუნველყო ცეცხლის შეწყვეტა, დაასრულა ომის ყველაზე მძიმე დღეები და არაერთ ჩვენთაგანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. 

ჩვენთვის ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია ევროპულ ერთიანობას, სოლიდარობას, დიპლომატიასა და მშვიდობისადმი ერთგულებას ადამიანების სიცოცხლის დაცვა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება.

განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვთქვამთ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების მიმართ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქმიანობისთვის. დღეს, როდესაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ არსებობს, ევროკავშირი რჩება ერთადერთ საერთაშორისო აქტორად, რომელიც ადგილზე, ყოველდღიურად და პრაქტიკულად უჭერს მხარს მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.

ჩვენ, ქართველი ახალგაზრდები, განსაკუთრებით ვაფასებთ მისიის თვრამეტ წლიან, უწყვეტ საქმიანობას, რომლის მუშაობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი თანატოლებისთვის, რომლებიც საოკუპაციო ხაზის პირას ან მის მიღმა ცხოვრობენ და ყოველდღიურად გრძნობენ ოკუპაციის მძიმე შედეგებს.
დღეს, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების წლისთავზე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ ძალისხმევა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად და ამავდროულად, გააძლიეროთ საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულება.

ვსარგებლობთ შემთხვევით და ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლისადმი. გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი სწორედ ევროპულ ოჯახშია და რომ საქართველოს ევროპული არჩევანი წარმოადგენს, როგორც ისტორიულ, ისე ჩვენი თაობის თავისუფალ, გაცნობიერებულ და შეუქცევად მისწრაფებას.

მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე, უწყვეტი მხარდაჭერისათვის.

მადლობას გიხდით 2008 წელს გაწეული ძლიერი მხარდაჭერის, სოლიდარობისა და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისათვის.“

ღია წერილის ხელმომწერი ორგანიზაციები: ახალგაზრდული ფორუმი მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის; საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი; საქართველოს თანასწორობის ასოციაცია; საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია; საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო; ევროპული ახალგაზრდული ცენტრი; პლატფორმა „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“; საქართველოს ახალგაზრდული ევროატლანტიკური კოალიცია; ახალგაზრდული ორგანიზაცია „ვექტორი“; ორგანიზაცია Climate Hub; ქართულ-ევროპული მოძრაობა; ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ზემო სვანეთი–LAG Upper Svaneti; AEGEE-Tbilisi; ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა კავშირი; ახალგაზრდული ტალღა; საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ასოციაცია; მწვანე იმპულსი; ახალგაზრდები დემოკრატიისთვის; საქართველოს ახალგაზრდული სივრცე; ორგანიზაცია „მომავლის ხმა“.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
გოცირიძე - „ოცნების“ მთავრობის ნებართვით აფხაზეთში ქართული კომპანიის მიერ საწვავის შეტანა ნიშნავს რუსეთის სამხედრო ბაზების მომარაგებას
თეირანი აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების შესახებ ცნობებს უარყოფს
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია - „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა“ JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics