|
2026-07-25 12:56:15, 614 ნახვა
მსოფლიო
ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს დრონებმა შეუტიეს
25 ივლისის დილით, უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის ლოჯისტიკურ კომპლექსს შეუტიეს, იტყობინება RWB გაერთიანებული კომპანიის პრესსამსახური. პრესსამსახურის ცნობით, დარტყმამდე თანამშრომლების დაგეგმილი ევაკუაცია განხორციელდა და არავინ დაშავებულა. საწყობის ოპერაციები დროებით შეჩერებულია, მაგრამ კომპანია მალე ნორმალურ ფუნქციონირებას განაახლებს. Exilenova+-ის მიერ გამოქვეყნებული კადრების თანახმად, თავად ლოჯისტიკური კომპლექსი არ დაზიანებულა; დარტყმა ახლომდებარე ავტოსადგომს მოხვდა. სვერდლოვსკის ოლქის გუბერნატორმა დენის პასლერმა განაცხადა, რომ დრონიდან „ნამსხვრევების ცვენის შედეგად“, ავტომობილებს დაახლოებით 300 კვადრატული მეტრის ფართობზე ცეცხლი გაუჩნდა. მისი თქმით, ხანძარი უკვე ჩამქრალია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, ბოლო კვირის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე Wildberries-ის სულ მცირე ათ საწყობს შეუტიეს. მისი შეფასებით, ასეთი დარტყმები არა მხოლოდ რუსეთის დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს აგრძნობინებს ვლადიმერ პუტინის მიერ დაწყებული ომის შედეგებს, არამედ გავლენას ახდენს რუსული ელიტის წევრების, მათ შორის პუტინთან დაახლოებული პირების ფინანსურ ინტერესებზეც. ISW-ის რუსული წყაროების ცნობით, მოსკოვის რეგიონში Wildberry-ის ობიექტებზე თავდასხმების შემდეგ, ხელისუფლებამ სასწრაფოდ განალაგა Pantsir-ის დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები. თუმცა, ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთისთვის ასეთი ობიექტების დაცვა სულ უფრო რთული გახდება და საწყობების ოპერაციების შეფერხებები კვლავაც უხერხულობას შეუქმნის დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს. ასევე, 25 ივლისის ღამეს, უკრაინულმა დრონებმა თავს დაესხნენ სამიზნეებს სარატოვისა და როსტოვის რეგიონებში. ASTRA-ს ცნობით, ენგელსში, ენგელს-1 ქუჩაზე მდებარე შენობას ცეცხლი გაუჩნდა - სავარაუდოდ, სამხედრო ნაწილს. არხი აღნიშნავს, რომ ენგელს-2 სამხედრო აეროდრომის ობიექტები ამ სამხედრო ნაწილის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს. როსტოვის რეგიონში, გუბერნატორ იური სლიუსარის თქმით, რაკეტისა და დრონის თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. დონის როსტოვში ნანგრევებმა დააზიანა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო საცხოვრებელი სახლები, მშენებარე მაღალსართულიანი შენობები, ასევე კომერციული და სასაწყობო ფართები. კრასნოსულინსკის რაიონში დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები და ნოვოშახტინსკის საავტომობილო საკონტროლო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციული შენობა, რის გამოც მოძრაობა შეზღუდულია.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)