|
2026-07-06 12:03:42, 275 ნახვა
ეკონომიკა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მარიამ ქვრივიშილმა ბრიფინგზე BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ პორტის სრულად სახელმწიფო საკუთრებაში გადაყვანით, პორტის პირველი ფაზის განხორციელების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით $200 მილიონი დოლარით გაიზრდება. მისი თქმით, პროექტის მოდელი შეიცვალა და მასში კერძო ინვესტორი არ იქნება წამყვანი. შესაბამისად, პროექტს ჩინური კორპორაცია cccc არ განახორციელებს. სწორედ აღნიშნულ კომპანიასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები 2024 წლის 29 მაისიდან, თუმცა საბოლოოდ მხარეთა შორის ხელშეკრულება აღარ გაფორმდა. „საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. “ლენდლორდის” მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. „საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მინისტრის თქმით, პროექტში ასევე ჩაერთვებიან არაერთი ქვეყნის კერძო კომპანიები, თუმცა წამყვანი განმახორციელებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო, ხოლო კერძო კომპანიები ადგილზე მოიჯარეების სტატუსით იოპერირებენ. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, არიან დაინტერესებული კომპანიები დასავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ტერმინალების იჯარით მართვით არიან დაინტერესებული. "პორტის წილები არ გაიყიდება. ეს იქნება ქართული პორტი, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი. სხვა არავინ იქნება მფლობელი. ეს არის ქართული პორტი და იქნება ქართული პორტი. საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში. ეს არის ლენდლორდ მოდელი, რომელიც არის ყველაზე აპრობირებული მოდელი. ეს მოდელი მუშაობს ნიდერლანდებში, აშშ-ში, სინგაპურში, ბელგაიაში და სხვა ქვეყნებში,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული. აქამდე არსებული პროექტით, სახელმწიფო პორტის 51%-ის მფლობელი იქნებოდა, ხოლო კერძო ინვესტორი - cccc პროექტში 49%-ით შევიდოდა. ახალი მოდელით პორტის 100%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, ხოლო პორტში არ იქნება რომელიმე ერთი კონკრეტული ინვესტორი, არამედ პორტში სხვადასხვა კომპანიები იოპერირებენ, რომლებიც სახელმწიფოსგან კონკრეტულ ნავმისადგომებს გრძელვადიანი იჯარით აიღებენ. ანაკლიის პორტის აკვატორიაში ფსკერის დაღრმავების მიზნით, ასევე პორტის ტალღმტეხის მოწყობისთვის 2024 წლის აგვისტოში საქართველოს მთავრობასა და ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს შორის გაფორმდა 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება. 2026 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პირველადი კონტრაქტის ღირებულების 52 მილიონი დოლარით შემცირებას მიაღწია. ამჟამად პორტში სწორედ აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს.
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)