|
2026-06-17 19:43:40, 271 ნახვა
პოლიტიკა
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა. 20 ივნისს დაზარალებულმა გაიხსენა, როდის დაიწყეს საპოლიციო ძალებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ტყვიების გამოყენება. მისი თქმით, 20 ივნისი არის ყველა იმ ადამიანის დანაშაული, ვინც მაშინ იყო ქართული ოცნების წევრი და არამხოლოდ ერთი ადამიანის - გიორგი გახარიასი. ჩვენების დროს მაკო გომურმა იკითხა, თუ დღეს 20 ივნისის გამო გახარია დამნაშავეა, მაშინ, 20 ივნისის მერე, რატომ გახდა პრემიერ-მინისტრი? 2019 წლის იმ მძიმე დღის გახსენება მაკო გომურმა ამ სიტყვებით დაიწყო: „პირველი აქცია იყო ჩემს ცხოვრებაში. არ მქონდა გამოცდილება.“ აქციაზე ის სამსახურის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით მივიდა. თავისუფლების მეტროდან რომ ამოვიდა, სანამ დებს შეხვდებოდა, მაშინ გაიგო, რომ აქციაზე გაზი იყო გაშვებული, სუნიც იგრძნო. ხალხის დახმარება დაიწყო. შემდეგ პარლამენტის მიმდებარედ გადაინაცვლა. ამ დროს, როგორც იხსენებს, რუსთაველზე უკვე სიმშვიდე იყო. გავიდა აფთიაქისკენ პირბადეების საყიდლად. დაბრუნებულს ერთ-ერთი და აღარ დახვდა და მის ძებნაში 9 აპრილის მემორიალს მიუახლოვდა. ამ დროს დაახლოებით ღამის ორის ნახევარია. რა მოხდა ამის შემდეგ: „დაიწყეს ტყვიების გამოყენება. არ ყოფილა არანაირი დაპირისპირება. არავინ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ხალხის ნაკადი შემცირებულია. ყველას შეგვეშინდა, დავიბენით. არეულობაც დაიწყო, ხალხი გარბოდა, ვიღაცებს მოხვდათ კიდეც ტყვიები. წავედით მეტროს მხარეს. დავინახეთ, რომ იქიდან რობოკოპები მოდიან პარლამენტისკენ. ვერანაირი მხრიდან გვერდს ვერ აუვლი. მოდიან და ადამიანებს ზედ უვლიან. წამოვედით უკან. პარლამენტს მივუახლოვდით. დავინახეთ, რომ ერთი კაცი ჩამოჰყავდათ პარლამენტის კიბეზე, სახეში ჰქონდა მოხვედრილი ტყვია, ხელში ჰყავდათ აყვანილი ბიჭებს და წაიქცნენ. დები გვერდით მედგნენ აქეთ-იქიდან და კიდევ ერთი ბიჭი იყო ჩვენ გვერდით, ხელში ფარი ეჭირა და გვიცავდა. ეს კაცი [ტყვიამოხვედრილი] რომ წაექცათ, გაიქცნენ ჩემი დები და ეს ბიჭი დასახმარებლად. მაგ დროს მომხვდა ტყვია. ჩავიკუზე და დავიყვირე, რომ ჩემთვისაც მოექციათ ყურადღება. სავარაუდოდ, ეს იყო ე.წ. დათვის ტყვია. თვალის ბუდე შეიტანა. მოვიდნენ ჩემი დები, დაიწყეს ყვირილი, მოვიდნენ ვიღაც ბიჭები და წამიყვანეს გიმნაზიასთან, სასწრაფოს მანქანისკენ. სასწრაფოს მანქანაში იყო თამარ ბაღაშვილი და კიდევ ერთი ბიჭი. მათაც ტყვიები ჰქონდათ მოხვედრილი. მთლიანი სახე გასისხლიანებული მქონდა და რომ დამინახა ამ ბიჭმა, ჩამოვიდა, მე აქ რა მინდაო და დამითმო ადგილი. რაღაც მომენტში გავითიშე. 20 ივნისი არის ყველა იმ ადამიანის დანაშაული, ვინც მაშინ იყო ქართული ოცნების წევრი და არამხოლოდ ერთი ადამიანის — გიორგი გახარიასი. ყველა, ვისაც უნდა გამოეძიებინა აქამდე ეს საქმე, ისიც დამნაშავეა. ამიტომ არ მინდოდა აქ მოსვლა. თუ დღეს 20 ივნისის გამო გახარია დამნაშავეა, მაშინ, 20 ივნისის მერე, რატომ გახდა პრემიერ-მინისტრი?! ჩემთვის, რა თქმა უნდა, დამნაშავეა [გახარია], მან მიიღო „თვალთხარიას“ სტატუსი და ამის წინააღმდეგ კი არ წავიდა, პრემიერობა მიიღო. მაგრამ მარტო ის არაა დამნაშავე. 7 წელია ვითხოვთ, რომ გამოიძიონ საქმეები და თურმე ერთი ადამიანია დამნაშავე მარტო?“ კითხვაზე, მისი აზრით, მხოლოდ გახარია რატომ არის „შერჩეული“ 20 ივნისის გამო დამნაშავედ, მაკო გომურმა უპასუხა: „საერთოდ არ მაინტერესებს, ბოდიში, მაგრამ დაჭამონ ერთმანეთი.“
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)