|
2025-12-16 13:19:16, 14952 ნახვა
საზოგადოება
ოცნების ინიციატივით, ჩამორთმეული მართვის მოწმობა 35 000-ზე მეტ პირს დაუბრუნდება
ქართული ოცნების ინიციატივით, ჩამორთმეული მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ იმ ადამიანებს, ვისაც მართვის მოწმობა მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე ალკოჰოლური თრობის საფუძვლით, მცირე ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-მოხმარებისთვის, ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, ქულების ამოწურვისთვის ან წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. კანონპროექტს ივანიშვილის პარლამენტი 16 და 17 დეკემბერს დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტის მიხედვით, პირებს, რომლებსაც მართვის მოწმობა ქულების ამოწურვის გამო ჩამოერთვათ, მოწმობა და 100 ქულა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან აღუდგებათ. 1-ელი თებერვლიდან კი მართვის მოწმობები დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ისინი მანქანის ალკოჰოლური თრობის ქვეშ მართვისა და ასევე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის ჩამოართვეს. იმ ადამიანებს კი, ვისაც მართვის მოწმობა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-მოხმარებისა და ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებისთვის ჩამოართვეს, მოწმობის დასაბრუნებლად დინამიური-ნარკოლოგიური გამოკვლევის სამედიცინო დასკვნის წარდგენა მოუწევთ, რომ ისინი ნარკოტიკების მომხარებლები არ არიან - კანონპროექტით, ასეთ შემთხვევაში, მათ მოწმობა დასკვნის წარდგენიდან რამდენიმე დღეში აღუდგებათ. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, არჩილ გორდულაძის თქმით, ეს შეღავათი არ შეეხება იმ შემთხვევებს, თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პირი დაზიანდა ან გარდაიცვალა - გორდულაძე ამბობს, რომ მათ, ვისაც მართვის მოწმობები აღნიშნული ფაქტების გამო ჩამოერთვათ, ის არ აღუდგებათ. კანონპროექტის მიხედვით, მართვის მოწმობების დაბრუნება ერთჯერადი იქნება და ამის შემდეგ, თუ კიდევ მსგავსი ფაქტი მოხდა, ადამიანებს უფლება აღარ ექნებათ, რომ მანქანის მართვის უფლება ვადაზე ადრე აღიდგინონ. მოქმედი კანონმდებლობით, სამართალდამრღვევ პირს შესაძლებლობა ჰქონდა, მართვის მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნებისთვის შესაბამისი საქმის განმხილველი ორგანოსთვის მიემართა. არჩილ გორდულაძის თქმით, შესაბამისი ცვლილების მიღების შემდეგ, ჩამორთმეული მართვის მოწმობა 35 000-ზე მეტ ადამიანს დაუბრუნდება.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)