|
2023-10-17 19:16:28, 3249 ნახვა
სამხედრო
ბურჭულაძე - ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ - ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას ოპონენტების უსაფუძვლო კრიტიკას გამოეხმაურა, თითქოს თავდაცვის ძალები არ მონაწილეობს საერთაშორისო სწავლებებში და შესაბამისი ნაბიჯები არ იდგმება შეიარაღებისა და სხვადასხვა საშუალებების შეძენის მხრივ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შეჯამების სახით მინისტრმა იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების მცირე ჩამონათვალი გააკეთა, რომლებიც თავდაცვის სამინისტრომ 2023 წელს განახორციელა. „მხოლოდ 2023 წელს, სამინისტრომ გააფორმა დაახლოებით 15 მრავალმილიონიანი ხელშეკრულება შეიარაღების შესყიდვაზე. ჩვენ ეს კონტრაქტები გვაქვს ისეთ ქვეყნებთან და კომპანიებთან, როგორიცაა ესპანეთი (კომპ. INSTALAZA - ხელის გადასატანი ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), გერმანია (კომპ. DND - ერთჯერადი ყუმბარმტყორცნი), საფრანგეთი და ისრაელი (კომპ. RAFAEL - საჰაერო თავდაცვის სისტემა SPYDER; ADAMS), პოლონეთი (კომპ. „Mesko“ - საზენიტო-სარაკეტო საშუალება), ფინეთი (Lapua; შაშხანების კომპლექტი), ჩეხეთი (კომპ. Excalibur - საარტილერიო სისტემების შეკეთების და ტრენინგის მომსახურება; LOM PRAHA - მფრინავების საწყისი მომზადების კურსი) და სხვა“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმდინარე წელს საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებულ და წლის ბოლომდე დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს თავდაცვის ძალების ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სწავლებებში თავდაცვის ძალების მონაწილეობის მხრივ ეს რეკორდული მაჩვენებელია. “მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს თავდაცვის ძალების პირადმა შემადგენლობამ საქართველოში და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო და წლის ბოლომდე მიიღებს, ჯამში, 27 მსხვილმასშტაბიან ეროვნულ და მრავალეროვნულ სწავლებაში. ასევე, გარდა მსხვილმასშტაბიანი ეროვნული და მრავალეროვნული სწავლებებისა, თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ უმასპინძლა 13 სწავლებას და საზღვარგარეთ მონაწილეობა მიიღო 5 მრავალეროვნულ სწავლებაში“, - განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, წარმოდგენილი ინფორმაცია ნათლად ადასტურებს თავდაცვის ძალების გაძლიერების მიზნით გაწეულ ძალისხმევას და "მკაფიოდ პასუხობს ცილისმწამებლურ ბრალდებებს". „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენების ბოლოს თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთელ საზოგადოებას და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა ყველას ვალია: „ჩვენი რეფორმები ჩვენი ჯარის გასაძლიერებლად ნიშნავს სვლას საერთო მიზნისკენ: ჩვენი ქვეყანა იყოს კიდევ უფრო ძლიერი და უსაფრთხო“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)