2019-08-27 10:37:04, 3905 ნახვა
მსოფლიო
ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ბრაზილიამ ელჩები შვებულებიდან დააბრუნა
ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარი ელჩები შვებულებიდან დააბრუნა, რათა ამაზონის ტყეებში მძვინვარე ხანძრების გამო, სხვა ქვეყნების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკაზე დიპლომატიური პასუხი გასცეს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, უწყებამ ელჩებს მოუწოდა უახლოეს 2 კვირაში შვებულებაში არ გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ელჩი უკვე იყო შვებულებაში გასული, ამიტომ მათ, დაბრუნება მოუწიათ. გარდა ამისა, საელჩოებს დაევალათ, სოციალური მედიის გვერდებზე განათავსონ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხანძრები ამაზონის ტყეებში ყოველწლიურად ხდება და რომ წლევანდელი ხანძრები კონტროლს ექვემდებარება.
მედიის ცნობით, განკარგულება ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტო არაიუჟომ ქვეყნის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუსთან გამართული საგანგებო შეხვედრის შემდეგ გასცა.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან