|
2018-08-21 14:32:05, 1676 ნახვა
სამართალი
შსს-მ თაღლითობის და კიბერდანაშაულის ბრალდებით „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ დამფუძნებლები დააკავა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და კომპიუტერული დანაშაულის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის“ სამი დამფუძნებელია დაკავებული, - ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე საშუამავლო საბროკერო კომპანიას წარმოადგენდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან ერთად, ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი“, რომლის საქმიანობის ძირითად საგანს, თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაახლოებით, 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა. დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, ბრალდებულებმა მათ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე მოქალაქეებს შეატანინეს სხვადასხვა ოდენობის თანხები, რის შემდეგაც, ხელოვნური მანიპულირებისა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონოდ შეღწევის გზით, შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ. ამ გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უკანონოდ დაეუფლნენ, დაახლოებით, 500 000 ლარს. დაკავებულებს ბრალი ედებათ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევაში, მონაცემების უკანონო შეცვლასა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებაში. გამოძიების პროცესში შესაძლოა, დაზარალებულთა რაოდენობა გაიზარდოს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)