|
2017-05-05 13:15:14, 2025 ნახვა
სამართალი კომენტარი
ედიშერ ქარჩავა: გადაბრალება საპატრიარქოზე, რომ ეკლესიის ინტერესებში შედის სხდომის დახურვა, კატეგორიულად მიუღებელია
საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავას განცხადებით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომის დახურვის ძირითად არგუმენტად საპატრიარქოს იმიჯის მოშველიება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესია ყოველგვარი განსაცდელის დროს უფრო ძლიერდება, ვიდრე სუსტდება. რაც შეეხება უშუალოდ წინასასამართლო სხდომის სრულად დახურვის გადაწყვეტილებას, ედიშერ ქარჩავა მას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ სხდომის საჯაროობის მომხრე იყო. „ჩემი აზრით, სხდომა უნდა იყოს საჯარო. შუამდგომლობაში იმ არგუმენტის მოშველიება, რომ სხდომა უნდა დახურულიყო კონსტიტუციური შეთანხმებიდან გამომდინარე, ეკლესიის განსაკუთრებული როლიდან გამომდინარე, რომ არ შეილახოს საქართველოს საპატრიარქოს იმიჯი, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან საქართველოს საპატრიარქო და მართლმადიდებელი ეკლესია ყოველგვარი განსაცდელის ჟამს უფრო ძლიერდება, ვიდრე სუსტდება. ამიტომ, ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და მხარეთა მიერ მოშველიება, საპატრიარქოს იმიჯი არ შეილახოს და ეს იყოს ძირითადი არგუმენტი სხდომის დახურვის, მიუღებელია“,- აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ და დასძინა, რომ საპატრიარქოდან არ ყოფილა თხოვნა, რომ რაიმე საკითხი დაფარული ყოფილიყო. „ამ საქმეში ისედაც ყველაფერი ნათელია. წინასასამართლო სხდომა არ არის არსებითი განხილვა, სადაც შესაძლებელია პიროვნებები დაიკითხონ და მტკიცებულებები შეფასდეს, ან რაიმე აქამდე უცნობი ინფორმაცია გამოქვეყნდეს“, - განმარტა ედიშერ ქარჩავამ. მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, პირის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება შესაძლებელია. „ჩემი აზრია, რომ კონკრეტულ სხდომაზე, სადაც შესაძლებელია კონკრეტული პირები დაიკითხონ, არსებით განხილვაში თუ გადავა პროცესი, შეიძლება ეს ნაწილი დაიხუროს. ჩემთვის მხარეთა აპელირება და გადაბრალება საპატრიარქოზე, რომ თურმე ეკლესიის ინტერესებში შედის სხდომის დახურვა, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომა ცოტა ხნის წინ სრულად დაიხურა. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)