2016-03-24 18:27:43, 850 ნახვა
ეკონომიკა
ჩინეთში „ტურისტული შესაძლებლობები საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით თემატური პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით „ტურისტული შესაძლებლობები საქართველოში“.
პრეზენტაციის ფარგლებში მოწვეულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარების შესახებ, ასევე, აღინიშნა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების მკვეთრად გააქტიურებული თანამშრომლობის დინამიკა. თემატური პრეზენტაცია ელექტრონულ-ვიზუალური გაფორმების ფონზე ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის შესაბამისი სახელმწიფო და კერძო (ტურ-ოპერატორები) ორგანიზაციებისა და მას-მედიის წარმომადგენლებმა. პრეზენტაციის ფარგლებში აღინიშნა, რომ საქართველოს ტურისტული შესაძლებლობები ჩინეთის საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს.
საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება ჩინეთის მას-მედიის საშუალებებში ფართოდ გაშუქდა. ტურიზმის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩინური არხის “Travel Channel”-ის ეთერში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დავით აფციაურის ინტერვიუ გაშუქდა. ასევე ჩინეთის ინგლისურენოვანმა გაზეთმა “CHINA DAILY” ვრცელი სტატია მიუძღვნა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან