|
2025-07-15 19:14:41, 2670 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი კონგრესში რესპუბლიკელებს მოუწოდებს, რუსეთისთვის ჯოჯოხეთური სანქციების შესახებ კანონპროექტი გადადონ
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში რესპუბლიკელებს მოუწოდა, გადადონ კანონპროექტის მიღება რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ტაიმი“ სენატის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროს ცნობით, თეთრმა სახლმა კანონმდებლებს მკაფიო სიგნალი მისცა, რომ ინიციატივა არ წაეყენებინათ წინ, მიუხედავად ორპარტიული ფართო მხარდაჭერისა. „ტრამპს ეს არ სურს“, - ხაზგასმით აღნიშნა წყარომ. მანამდე სენატმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი შეზღუდვების შესახებ ინიციატივის განხილვა გადადო. როგორც სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტუნმა Politico-ს განუცხადა, ტრამპს ახლა შეუძლია საკუთარი სტრატეგია განახორციელოს ტარიფებზე დაყრდნობით. „როგორც ჩანს, პრეზიდენტი დამოუკიდებლად იმოქმედებს. თუ ის ფიქრობს, რომ ეს სასურველ ეფექტს მოიტანს და მოლაპარაკებებში მის პოზიციას გააძლიერებს, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა სენატორმა. „ჯოჯოხეთური სანქციების“ კანონპროექტს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრეჰემი უჭერდა მხარს. მისი თანაავტორი დემოკრატი სენატორი რიჩარდ ბლუმენტალია. დოკუმენტი ითვალისწინებს ეკონომიკური ზეწოლის მკაცრ ზომებს - როგორც თავად რუსეთზე, ასევე იმ ქვეყნებზე, რომლებიც მის სამხედრო მანქანას ენერგეტიკული ვაჭრობის გზით აფინანსებენ, პირველ რიგში, ინდოეთსა და ჩინეთზე. კანონპროექტი აპრილის დასაწყისში წარადგინეს და მას როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების მხარდაჭერა მოჰყვა. დოკუმენტი ითვალისწინებს პირველადი და მეორადი სანქციების შემოღებას უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის ან მოსკოვის მიერ მიღწეული შეთანხმებების დარღვევის შემთხვევაში. ინიციატივის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პუნქტი არის წინადადება 500%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ იმ ქვეყნებიდან იმპორტზე, რომლებიც აგრძელებენ რუსული ნავთობის, გაზის, ურანის და სხვა ენერგორესურსების შეძენას. სამაგიეროდ, დონალდ ტრამპმა 14 ივლისს უფრო რბილი ალტერნატივა წარმოადგინა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე მან თავდაპირველად მკვეთრად გააკრიტიკა კრემლის ქმედებები, გამოთქვა „ღრმა იმედგაცრუება“ ვლადიმერ პუტინის პოზიციით და რუსეთი დაადანაშაულა სამშვიდობო მოლაპარაკებების თავიდან აცილებაში. შემდეგ ტრამპმა გააფრთხილა, რომ თუ შეთანხმება 50 დღის განმავლობაში არ იქნება მიღწეული, აშშ რუსეთსა და მის პარტნიორებს 100%-იან მეორად ტარიფებს დააწესებს.
ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-სთან კონსულტაციებს ადასტურებს
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ 6 პირი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს
გალტ & თაგარტის ჩართულობით, ინვესტორებმა UzNIF-ის ისტორიულ IPO-ში მონაწილეობა მიიღეს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: "თაკარა" - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)