|
2025-01-29 15:51:33, 506 ნახვა
მსოფლიო
სირიის ახალი რეჟიმის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რუსეთს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა
29 იანვარს რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ სირიის ახალ რეჟიმთან "მოკლე" საუბარი გამართა. სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, რუსეთი ქვეყანაში არსებულ ორ სამხედრო ბაზაზე კონტროლის შენარჩუნებას ცდილობს, თუმცა რუსულ მხარეს არ დაუკონკრეტებია, რას ითხოვს სირია სანაცვლოდ. გამოცემა „Reuters“-ის ინფორმაციით, რუსეთთან გამართულ დისკუსიაზე ინფორმირებულმა სირიულმა წყარომ განაცხადა, რომ სირიის ახალი რეჟიმის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ, რუსეთს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემის მოთხოვნა წამოაყენა. ასადი სირიიდან გაიქცა, როდესაც დეკემბერში ამბოხებულებმა მისი რეჟიმი რამდენიმე დღეში დაამხეს. ამასთანავე, სირიული მედია „Sana“-ს ცნობით, ქვეყნის ახალი რეჟიმი რუსეთისგან ნდობის აღდგენის მიზნით "კონკრეტულ ზომებს, როგორიცაა კომპენსაცია, რეკონსტრუქცია და აღდგენა" ითხოვს. სირიის ახალმა რეჟიმმა 28 იანვარს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ ბოგდანოვის ხელმძღვანელობით, რუსეთიდან ჩამოსულ დელეგაციასთან გამართული საუბრების შემდეგ განაცხადა, რომ სირიულმა მხარემ "ხაზი გაუსვა ურთიერთობების გამოსწორების ფარგლებში წარსული შეცდომების გამოსწორების, ასევე სირიელი ხალხის ნებისა და მათი ინტერესების პატივისცემის მნიშვნელობას". თუმცა, სირიულმა წყაროებმა „Reuters“-ს აცნობეს, რომ რუსეთი არ არის თანახმა მსგავსი დათმობების განხორციელებაზე, და ერთადერთი, რაზეც ორი მხარე შეთანხმდა, დისკუსიების გაგრძელებაა. 2019 წლის აპრილში რუსეთის ვიცეპრემიერმა, იური ბორისოვმა, ტარტუსის პორტის 49-წლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ამავე ვადით გაფორმდა საინვესტიციო ხელშეკრულება კომპანია "Stroytransgaz"-თან, რომლის მთავარი ბენეფიციარიც გენადი ტიმჩენკოა. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, რუსულმა კომპანიამ პირობა დადო, რომ პორტის მოდერნიზაციაში 500 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებდა, თუმცა სირიული გამოცემების მტკიცებით, რუსულმა მხარემ პორტის მოდერნიზება არ მოახდინა. “Al-Watan“-ის მიხედვით, სირიის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტის მუშაობა გააქტიურდა, და ტარტუსში მშრალი ტვირთის გემები სხვა ქვეყნებიდან ჩადიან. რუსეთი 2015 წლიდან ასადის რეჟიმის დასახმარებლად სამოქალაქო ომში იყო ჩართული. რუსეთს სირიაში განლაგებული ჰყავს სამხედრო ნაწილები და აკონტროლებს საზღვაო და საავიაციო ბაზებს ტარტუსსა და ხმეიმიმში. გამომცემლობა „Al Arabiya“-ს ინფორმაციით, სირიის ხელისუფლებამ ასევე აკრძალა რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი. გამომცემლობის თქმით, მოხდება ამ ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის კონფისკაცია.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)