2023-06-14 09:20:33, 1362 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა - დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 13 დაშავდა [ვიდეო]
გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.
მათი ცნობით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს, რომლებიც შავი ზღვიდან იყო გაშვებული. შემთხვევის შედეგადაც დაიღუპა 3 ადამიანი, ხოლო 13 დაშავდა.
„მტერმა ოდესისკენ კალიბრის ტიპის 4 რაკეტა შავ ზღვაში მდებარე გემიდან გაუშვა.
საჰაერო თავდასხმისა და აფეთქების ტალღის შედეგად დაზიანდა ქალაქის ცენტრში არსებული ბიზნესცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები“,- აცხადებს სარდლობა.

უკრაინის სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ცნობითვე, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობში რაკეტის დარტყმით ხანძარი გაჩნდა, დაიღუპა საწყობის 3 თანამშრომელი, 7 კი დაშავდა.

ავტორი: ექსპრესნიუსი,