23:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 12:40:16, 1477 ნახვა

მსოფლიო
ნედ პრაისი - პუტინი ცდილობს დაისვენოს, გადაჯგუფდეს და საბოლოოდ ხელახალი შეტევები დაიწყოს

ეს არის ცინიკური - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი რუსეთის მიერ ე.წ. საშობაო ზავის ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილებას.

პრაისის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს სურს მსოფლიო მოატყუოს და პაუზა ხელახალი შეტევების დასაწყებად გამოიყენოს.

"ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ცინიკური. რატომ? - იმიტომ, რომ ახლა, რამდენიმე დღის შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მის სამოქალაქო ცენტრებზე საახალწლო თავდასხმები განახორციელა, ჩვენ ნაკლებად გვჯერა ამ განცხადების მიღმა არსებული განზრახვის. ყველამ მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნის სიტყვები, სადაც ის შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსები შეეცდებიან, დროებითი პაუზა ბრძოლაში დასვენებისთვის, გადაჯგუფებისა და საბოლოო ხელახალი შეტევისთვის გამოიყენონ. თუ რუსეთს ნამდვილად ჰქონდა სურვილი მშვიდობის დამყარებისა და ომის დასრულების, ის ჯარებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიიდან გაიყვანდა. პუტინს სურს, მოატყუოს მსოფლიო და საზოგადოება. გრძელდება თუ არა ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა მართლმადიდებლურ შობასთან დაკავშირებით - ეს რა თქმა უნდა, არის კითხვა, რომლის პასუხიც ამ ეტაპზე მხოლოდ რუსეთს აქვს. როგორც ჩანს, ეს არის მცდელობა გააგრძელოს ის, რაც უკრაინელ ხალხს თითქმის ერთი წლის განმავლობაში უკვე მიაყენა. ის ცდილობს დაისვენოს, გადაჯგუფდეს და საბოლოოდ ხელახალი შეტევები დაიწყოს", - განაცხადა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, გუშინ, 5 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა 6 და 7 იანვარს ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე უნდა ამოქმედდეს და 7 იანვრის 00:00 საათამდე დარჩეს ძალაში. აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებამდე, "საშობაო ზავის" დაწესების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics