|
2020-09-02 13:28:27, 2954 ნახვა
საზოგადოება
„საარჩევნო პერიოდში თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ დამტკიცდა
„საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ დამტკიცდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადაეგზავნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა მოადგილეებს, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებსა და რაიონების გამგებლებს დაავალა, აღნიშნული დოკუმენტი ყველა თანამშრომელს გააცნონ. „გამოვეცი ბრძანება „საარჩევნო პერიოდში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით. განვსაზღვრეთ საჯარო მოხელეთა ქცევის წესები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ ყველა დაწესებულებას და საჯარო მოხელეს გადავუგზავნით. ჩვენ საარჩევნო კანონმდებლობით ამის ვალდებულება გვაქვს, რომელსაც ვასრულებთ. გამოვცემთ წესებს იმისთვის, რომ არ დავარღვიოთ კანონმდებლობით დადგენილი ინსტრუქცია. მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, მთავრობის წევრებს, გამგებლებს, სამსახურის ხელმძღვანელებს, ეს ყველაფერი მაქსიმალურად ჩაიშალოს ჩვენს თანამშრომლებში, რათა შემდეგ არ მოყვეს გარკვეული მანიპულაციები, როგორც ეს ხდება. მიმდინარეობს მიზანმიმართული არასწორი ინფორმაციის გავრცელება. შეიძლება, ბევრმა არც კი იცოდეს, რისი უფლება გვაქვს და რისი არა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ქვედა დონეზე ჩაიშალოს და ჩვენმა თითოეულმა თანამშრომელმა იცოდეს, რისი უფლება აქვს და რისი არა“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნული დოკუმენტიდან რამდენიმე მუხლი განმარტა. „კონკრეტულად, მერიის საჯარო მოსამსახურეები ვალდებულნი არიან დაიცვან და გაითვალისწინონ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები. კერძოდ, მერიის საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღება. სამუშაო საათებში ჩვენს თანამშრომლებს არ აქვთ უფლება, სხვადასხვა პარტიის ღონისძიებაში მიიღონ მონაწილეობა ან გასწიონ აგიტაცია. არასამუშაო საათებში მათ სრული უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ როგორც პარტიების ღონისძიებებში, ისე აგიტაციაში; გარდა ამისა, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე მერიის საჯარო მოსამსახურის მიერ აკრძალულია სააგიტაციო მასალის განთავსება-გაკვრა სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე, ანუ ჩვენს თანამშრომლებს ეკრძალებათ სხვადასხვა შენობა-ნაგებობაზე სააგიტაციო მასალის გაკვრა სამუშაო საათებში; წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება; მგონი ყველაფერი ნათელია. ამიტომ, საჭიროა რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია, რათა სამსახურებში ჩვეულებრივმა, რიგითმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რისი უფლება აქვთ და რისი არა, რათა შემდეგ, საარჩევნო კამპანიის დროს, არ მოხდეს ის, რაც მანამდე ხშირად ხდებოდა - მიმდინარეობდა მანიპულაციები და კონკრეტული ადამიანების ბულინგი. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ყველაფერი იყოს ჩაშლილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)