2020-06-09 11:33:14, 2504 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ ზოგგან 100, ზოგგან კი 200 ათასით შევამცირეთ ბიუჯეტი
დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით, ჩვენ აქ არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ და ზოგგან 100 000 და ზოგგან 200 000 ლარი შევამცირეთ, რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა ფინანსები, რომლებიც საჭიროა პანდემიასთან საბრძოლველად - ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები არ იყო სტანდარტული ცვლილებები, ეს ხელახალი ბიუჯეტია, სრულას გადააზრებული.
„ბიუჯეტის მთლიანი გადააზრება და მისი სტრუქტურის შეცვლა ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არაა ის სტანდარტული ცვლილებები, რომლებიც წლიდან წლამდე ხდებოდა, ესაა პრაქტიკულად ხელახალი ბიუჯეტი, სრულად გადააზრებული, ცვლილებები, თავისი მასშტაბით არის ძალიან დიდი. ჯამში 600 მილიონამდეა დანაზოგი, 300 მილიონი კაპიტალურ და 300 მილიონი ლარი მიმდინარე ხარჯების ნაწილში იმ ბიუჯეტთან შედარებით, რაც 2019 წლის ბოლოს მომზადდა. დაწყებული მივლინებით, საწვავით, ადმინისტრაციული ხარჯებით, ჩვენ აქ არ ვთაკილობდით, ყველა კაპიკს გამოვეკიდეთ და ზოგგან 100 000 და ზოგგან 200 000 ლარი შევამცირეთ, რომ მაქსიმალურად გამოგვეთავისუფლებინა ფინანსები, რომლებიც საჭიროა პანდემიასთან ბრძოლის ღონისძიებების დაფინანსებისა და მიყენებული ზარალის საკომპენსაციოდ. შევეცადეთ, რომ ის ხარჯები, რომლებიც პამნდემიის პირობებში არარელევანტური გახდა, მაქსიმალურად შეგვემცირებინა. ასევე, დონორი ორგანიზაციებიდან მოგვეძიებინა თანხები და ამ რესურსის ხარჯზე შეგვექმნა რამდენიმე პროგრამა. ეს იყო სოციალური მხარდაჭერის მსხვილი პაკეტი, ბიზნესის მხარდამჭერი პაკეტი, ცალკე იყო სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი და დეველოპმენტის მხარდამჭერი პაკეტი,“-აღნიშნა მაჭავარიანმა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან