12:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-22 09:55:58, 361 ნახვა

პოლიტიკა
IRI საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიას აგზავნის

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ორგანიზაციის მოკლევადიანი დამკვირვებლები ქვეყანაში ჩამოვიდნენ, რაც IRI-ის მიმდინარე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ნაწილია.

IRI-ის ინფორმაციით, მისიას ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი.

„28 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება ქვეყანაში ივლისიდან მყოფ 20 გრძელვადიან დამკვირვებელს. ამით გაუმჯობესდება მისიის საარჩევნო პროცესის მონიტორინგის და შეფასების შესაძლებლობები.

მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა, ჩაატაროს გამჭვირვალე, სანდო და ლეგიტიმური არჩევნები. ამ არჩევნების შედეგები გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზის განსაზღვრაში.

არჩევნების დღის შემდეგ მალევე, მისია გამოაქვეყნებს წინასწარ განცხადებას, ხოლო ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც მოიცავს დეტალურ ანალიზსა და რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება არჩევნების შემდგომ კვირებში. მისიის ყველა აქტივობა მიუკერძოებელი და არაპარტიულია და საარჩევნო პროცესში ჩარევის გარეშე მიმდინარეობს.

IRI-მ მსოფლიოში 250 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ჩაატარა, რომლებიც აღიარებულია მიუკერძოებლობითა და პროფესიონალიზმით. მისია შეესაბამება საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციას, რომელიც მიღებულ იქნა გაეროს მიერ 2005 წელს.

აღნიშნული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) ასევე ახორციელებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში",- აღნიშნულია IRI-ის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics