|
2019-10-01 17:02:16, 1176 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ და UNFPA-ს საქართველოს ოფისმა კონცეფცია „60+ კლუბები ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ წარადგინეს
1 ოქტომბერს, მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მერიის, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, ახალი კონცეფციის - „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ წარდგენა გაიმართა. ღონისძიება თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლელა ბაქრაძემ გახსნეს. „შეხვედრას დაესწრნენ თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ბიბლიოთეკარები. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც, წლების განმავლობაში, არა მხოლოდ შექმნეს თანამედროვე ქართული საბიბლიოთეკო ინსტიტუტი, არამედ ჩვენი ქვეყნისა და ქალაქისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, პირდაპირი მნიშვნელობით გადაარჩინეს და შემოგვინახეს წიგნადი ფონდები და, რაც მთავარია, მკითხველს არ დაუკარგეს ბიბლიოთეკებში სიარულის ტრადიცია. ამისთვის მათი მადლობელი ვარ და მიხარია, რომ ამ პროექტის განხორციელებით, მათთვისაც ვქმნით ერთგვარ სივრცეს, რათა არასდროს მოწყდნენ აქტიურ ცხოვრებას და თავიანთი საზოგადოებრივი აქტივობა კიდევ უფრო საინტერესო გახადონ. ჩვენს ქალაქში უამრავი ხანდაზმულია, რომლებსაც თავიანთი პოტენციალი ბოლომდე არ ამოუწურავთ. მათი გამოცდილება და განათლება ჯერ კიდევ შეიძლება ქალაქის მოსახლეობას წაადგეს. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამ კლუბის მეშვეობით თავიანთი თაობის ნაკლებად აქტიური წარმომადგენლების გამოცოცხლებაც შეეძლებათ. სამწუხაროდ, დღეს ბევრ მოხუცს არ აქვს სოციალიზაციის შესაძლებლობა, მათმა უმეტესობამ უბრალოდ არ იცის, როგორ გაატაროს თავისუფალი დრო, ზოგი მარტოხელაა და შეიძლება დღის განმავლობაში ვერავის დაელაპარაკოს. ამ მოხუცებისთვის ასეთი კლუბების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან არცერთი ადამიანი არ იმსახურებს მარტოობას“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით კი, მსგავსი წამოწყებები თაობების ცხოვრებას შეცვლის. „UNFPA-ს საქართველოს ოფისი უკვე წლებია, აქტიური და ჯანსაღი დაბერების პოლიტიკის ადვოკატირებას ეწევა. სასიხარულოა, რომ დღეს უკვე შეიკრა წრე, რომელშიც, ჩვენთან ერთად ჩართულია, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციები, ისე არასამთავრობო სექტორი. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ერთობლივი წამოწყება თაობების ცხოვრებას შეცვლის“, - ლელა ბაქრაძემ. წევრობაზე დაფუძნებული „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისათვის“ უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცეა, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობასა და ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. კლუბის წევრებს საშუალება ექნებათ, თანატოლებთან ერთად აითვისონ ახალი ცოდნა და უნარები, გააზიარონ საკუთარი გამოცდილება, თავადვე დაგეგმონ და გამართონ ღონისძიებები და მიიღონ ახალი ინფორმაცია. კლუბი ემსახურება ხანგრძლივი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, რაც საგრძნობლად ამცირებს დეპრესიისა და ხანდაზმულობისთვის დამახასიათებელი სხვა პრობლემების წარმოქმნის რისკს. ასევე, უფროსი თაობის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ. „60+ კლუბების“ სამომავლო აქტივობები მოიცავს: სამკურნალო ფიზკულტურის (სპეციალისტის ზედამხედველობით), უცხო ენებისა და კომპიუტერის გაკვეთილებს, სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების წრეებს, სახელოსნოებსა და კულინარიულ სესიებს. პროგრამა ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს და არაერთი ქვეყნის გამოცდილებას.
(NS)
„საქართველოს ბანკის“ ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით - 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)