|
2015-07-05 10:34:01, 730 ნახვა
საზოგადოება
სარკინიგზო სადგურ "ძირულასთან" გვირაბი, ხოლო ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნება
“საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, 5 ივნისს,სარკინიგზო სადგურ “ძირულასთან” 962 მეტრი სიგრძის გვირაბს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, “საქართველოს რკინიგზის” და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებთან ერთად, საზეიმო ვითარებაში გახსნის. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე ხაშური-მოლითის 22 კილომეტრიან მონაკვეთზე ახალი, ელექტროფიცირებული ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. დაგეგმილია ასევე ხარაგაული-ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. პროექტის მიხედვით, საერთო ჯამში 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა იგეგმება. “საქართველოს რკინიგზის” მოდერნიზაციის პროექტი, რომლის ღირებულება 260 მილიონ შვეიცარულ ფრანკს შეადგენს, 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტის განხორციელების შედეგად კი ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ხოლო სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სისტემების მოწყობის შემთხვევაში მთლიან სარკინიგზო მაგისტრალზე სატვირთო გამტარუნარიანობა 123 მილიონ ტონამდე გაიზრდება.შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი-ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე, გაუმჯობესდება სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობა და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო თითქმის ერთი საათით შემცირდება. სარკინიგზო გვირაბის შემდეგ, ბათუმში რკინიგზის ახალი სადგური გაიხსნება. ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრები, “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე, კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან. ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური თამარ მეფის გზატკეცილზე, ოთხსართულიანი ბიზნესცენტრის, “ბათუმი-ცენტრალის” შენობაში განთავსდება და 750 კვადრატულ მეტრ ფართს დაიკავებს. შენობაში უკვე მოეწყო რკინიგზის მომსახურების სერვისცენტრი ოფისებითა და სალაროებით. კეთილმოწყობილია ასევე მგზავრთა მოსაცდელი დარბაზები. ბათუმის ახალი რკინიგზის სადგური კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც საქართველოს მთავრობამ “საქართველოს რკინიგზასთან” ერთად, მოსახლეობის ინტერესებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით განახორციელა. ბათუმი უკვე აღარ არის რკინიგზისგან მოწყვეტილი ქალაქი და მგზავრები ზღვისპირა ქალაქში მატარებლით ჩასვლას იმავე დროში, იმავე ფასად შეძლებენ, როგორც თბილისიდან მახინჯაურის სადგურამდე. შენობაში 22 ათას 500 კვადრატულ მეტრზე რკინიგზის სადგურის გარდა განთავსებულია ბიზნეს-ობიექტები, გასართობი ცენტრები და ავტოსადგური, კომპანია “ბათუმი-ცენტრალმა” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონის წესით შეიძინა და მშენებლობისათვის 8 მილიონი დოლარი დახარჯა. სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კი “საქართველოს რკინიგზამ” 3 მილიონი ლარი გამოყო. პროექტის განხორციელების შედეგად 300-მდე ადამიანი დასაქმდება.
ეგრისის ეროვნული პარკი შეიქმნა
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)